მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები ამახინჯებს ბაზარს - რომან გოცირიძე

60c59a3c04352
BM.GE
13.06.21 12:44
667
პარლამენტში სახელისუფლებო პარტიის მიერ ახლახან დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საკუთრებაში, ასევე სარგებლობაში არსებული ქონების გადასახადისგან გათავისუფლდებიან. მსგავსი შეღავათი მათ აქამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამ ინიციატივით ფართოვდება საშეღავათო არეალი. თუ მანამდე გადასახადისაგან განთავისუფლება ეხებოდა მხოლოდ საკუთრებაში არსებულ ქონებას, ამ ინიციატივის მიხედვით უკვე არ დაიბეგრება სარგებლობაში არსებული ქონებაც. საგადასახადო შეღავათი გავრცელდება აგრეთვე ამ დაწესებულებების მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ფორმით გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე, თუ გადაცემული უძრავი ქონება საგანმანათლებლო საქმიანობაში გამოიყენება.


"მმართველი პარტიის დეპუტატების ხელით დაინიცირებულ მთავრობის აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით" ნაციონალური მოძრაობის წევრ რომან გოცირიძეს შენიშვნები აქვს. 

"ინიციატორთა განმარტებით, „საგადასახადო შეღავათი არა მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ საშუალებას მისცემს მათ აღნიშნული თანხა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებასა და იმ გამოწვევებზე ადეკვატური საპასუხო ღონისძიებების გატარებაში გამოიყენოს, რომელიც დღესდღეისობით კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში წარმოიშვა“. ამ განმარტებით, კორონავირუსს შერჩევითი ბუნება ჰქონია-ერჩის სახელმწიფო საკუთრებას და არ ერჩის კერძოს. დემაგოგიური არგუმენტებია რა თქმა უნდა. თუ ასეთი კარგი რამის გაკეთება უნდათ, მაშინ კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა რა დააშავეს? თუ საკუთრების ფორმა განსაზღვრავს სწავლის ხარისხს? ამ ლოგიკით გამოდის, რომ მიუხედავად დღეს არსებული უფრო მაღალი საგადასახადო ტვირთისა, კერძო სასწავლებლები უფრო უკეთ ართმევენ თავს საქმეს და მეტი ფინანსური მდგრადობითაც გამოირჩევიან პანდემიის პირობებშიაც კი.

აღნიშნული შეღავათი ეხება 15 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს. თუ ფინანსური პრობლემები აქვთ, რატომ ინახავენ მათ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან? ხომ არ აჯობებდა, თუნდაც მათი ნაწილის პრივატიზაცია? ეს საკითხი ცდება ჩვენი დღევანდელი მსჯელობის საგანს, მაგრამ პირველი კითხვა, რაც იბადება ამ შემთხვევაში, სწორედ ესაა"-აცხადებს რომან გოცირიძე. 

მისი განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შედეგად მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილი ყოველწლიურად დაკარგავენ დაახლოებით 3 მილიონ ლარს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბეგვრის არეალიდან ფაქტობრივად გამოვა დაახლოებით 300 მილიონი ლარის ღირებულების ქონება.

"საგადასახადო შეღავათები ჩვენი საგადასახადო კოდექსის მანკიერი მხარეა. ხშირ შემთხვევაში იგი ლობირების შედეგად მიიღება.

რატომ არის საგადასახადო პრეფერენციები ცუდი? იმიტომ, რომ შეღავათები ამახინჯებენ საბაზრო ეკონომიკის მთავარ საინფორმაციო და გამანაწილებელ მექანიზმს-ფასწარმოქმნის სისტემას, მის ფუნქციონირებას. სხვადასხვა სახის პრივილეგიების გამო რესურსების განაწილება ეკონომიკაში ხდება ფასების დამახინჯებული ორიენტირების საფუძველზე. ამის ყველაზე თვალნათელ მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, ყურძნის სუბსიდირება.

შეღავათები არათანაბარ პირობებში აყენებენ სამეწარმეო სუბიექტებს და ქვეყანაში არაჯანსაღი კონკურენციის გარემოს აყალიბებენ.

შეღავათები ცვლიან პირების ეკონომიკური საქმიანობის მოტივაციას, ქმნიან კვაზისაბაზრო ქცევის წესებს, ხელს უწყობენ კორუფციის არსებობას. სახელმწიფოში ყალიბდება ე.წ. „შეღავათების ბაზარი“, იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც სიკეთეებით მოსახლეობის ფართე ფენები კი არ სარგებლობენ, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული მაღალშემოსავლიანი პირები და მეწარმეები.

შეღავათები მხოლოდ შერჩევითი ხასიათის დაბეგვრას არ გულისხმობს. გადასახადების ჩამოწერა, საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, სახელმწიფოს მიერ კრედიტების ამორჩევით გაცემა ან მათი დაბრუნების გადავადება, სახელმწიფო გარანტიებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ, ნოყიერ ნიადაგს ქმნის პოლიტიკური კორუფციისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ზომით საგადასახადო შეღავათები გათვალისწინებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობით, მათი მასშტაბები საქართველოში საკმაოდ დიდია. ცხადია, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება უნდა ხდებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც რთულია საგადასახადო ბაზის დადგენა ან როდესაც საბიუჯეტო შემოსავალი დაბეგვრიდან უმნიშვნელოა ამ გადასახადის ამოღებასთან დაკავშირებულ დანახარჯებთან შედარებით. დანარჩენ შემთხვევაში გამოყენებყლი უნდა იქნას კომპენსაციების მექანიზმები. ამასთან, ერთმნიშვნელოვნად უნდა განისაზღვროს ასეთი შეღავათის ადრესატები.

იყო დრო, როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონები და ცალკეული მუხლები პირდაპირ იყიდებოდა. როგორც ერთი დეპუტატი მაშინ ამბობდა, საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარმოდგენილი კანონპროექტების უკან ნაცნობი პიროვნებების პორტრები იმზირებიანო. სასურველი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა როგორც თანამდებობის პირების (დეპუტატების) ტრივიალური მოქრთამვით, ასევე საჭირო გადაწყვეტილებების პოლიტიკური ლობირების მეშვეობით.

ელიტური კორუფცია არც დღევანელი ხელისუფლებისთვისაა უცხო რამ. მისი სპეციფიკური ფორმა არის მეწარმეების უშუალო მონაწილეობა პარლამენტისა და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობაში, ისევე როგორც მათი ინტერესების დამცველების „დელეგირება“ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში. მათ მიერ დანიშნული უამრავი მინისტრი იყო და ახლაც არის მთავრობაში. ამიტომ, სადაც გაჩნება რაიმე ინიციატივა ამა თუ იმ შეღავათთან დაკავშირებით, პირველი აზრი, რაც უნდა მოგვივიდეს თავში არის შემდეგი: ვის ინტერესებშია იგი ან ვის მიერ არის ნაყიდი იგი"-აცხადებს რომან გოცირიძე.