მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები და სესხების კიდევ 3 თვით გადავადება - რესტორნების მოთხოვნები

5eb2c07c5f2b9
დავით ჯალაღონია
06.05.20 18:20
2516
დახურული რესტორნები და კაფეები მომხმარებლებს ღია სივრცეებში 8 ივნისიდან მიიღებენ. ამას მთავრობის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპი ითვალისწინებს. ამ ბიზნესში ჯერ არ იციან, ჯანმრთელობის უსაფრთხოების რა ნორმებით, დატვირთვით და სიფრთხილით მოუწევთ მუშაობა.

უსაფრთხოების კუთხით შესაძლო შეზღუდვებზე, მომსახურების დატვირთვასა და საგადასახადო წნეხის შემსუბუქებაზე, რესტორნების მფლობელების მოლოდინები BM.GE-იმ მოისმინა. იმისთვის, რომ ამ ბიზნესის მოთამაშეებისთვის სამსახურში გასვლას აზრი ჰქონდეს, ერთ-ერთი, რასაც რესტორატორები ელიან, საგადასახადო შეთავათებია.

"ჩვენს მთავრობას და სახელმწიფოს არ აქვს იმხელა დოვლათი, რომ ბიზნესს გადაუხადოს ქირა, ამიტომ ჩემთვის რეალისტური იქნებოდა, რომ საშემოსავლო გადასახადსა და დღგ-ზე შეღავათი დაგვიწესონ. მაგალითად, ახლა ინკასო მადევს და არა მარტო მე, არამედ - რესტორნების დიდ ნაწილს, რადგან უცებ, 13 მარტს დავიკეტეთ, 15 მარტს დღგ-ის გადახდა გვიწევდა. მე ჩავთვალე, რომ ის თანხა, რაც ანგარიშზე იდო, სჯობდა გამომეტანა და თანამშრომლებისთვის ხელფასები გადაგვეხადა, ვიდრე - დღგ, ასე მოვიქეცით და შედეგად ინკასო გვადევს. ამიტომ თუ ეს საშეღავათო პირობები დღგ-ზე ან საშემოსავლო გადასახადზე აისახება, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ იმის ილუზია, რომ ვინმე ხელფასებს დაარიგებს და ქირას გადაიხდის, მე პირადად არ მაქვს. ზოგადად, ყველა ბიზნესს მოუწევს შემცირება, მაგრამ თუ შეღავათები სახელმწიფოსგან ჩვენზე გავრცელდება, მეტი საშუალება გვექნება, რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ", - განაცხადა რესტორან "შავი ლომის" დამფუძნებელმა მერიკო გუბელაძემ.

გარდა ამისა, ამ სექტორის უმრავლესობა ობიექტს საბანკო ვალდებულებების დახმარებით ამუშავებს, ამიტომ რესტორან "თაშრეს" ხელმძღვანელი მაკა ცაბუტაშვილი საბანკო სესხებზე პროცენტის თანხის გადახდის კიდევ სამი თვით გადავადებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლო საქმიანობა შეიძლება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„ძალიან ნეგატიური მოლოდინი გვაქვს. ჯერ ერთი, ზაფხული ახლოვდება და თბილისის რესტორნებისთვის ეს ისედაც წამგებიანი პერიოდია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ივნისის ბოლომდე რესტორნების მხოლოდ გარე სივრცეები გაიხსნება, ვისაც ჩვენსავით ეზო ან ტერასა აქვს.

მეორე - ყველაზე ცუდი ის არის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა ფინანსური კუთხით გაუარესებული იქნება. აქედან გამომდინარე, სტუმრების რაოდენობის განახევრებას ველით. თუ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს, რომ საბანკო ვალდებულებები კიდევ სამი თვით გადაავადონ, სავარაუდოდ, რესტორნების ძალიან დიდ პროცენტს ფეხზე სტაბილურად დადგომა გაუჭირდება", - აღნიშნა მაკა ცაბუტაშვილმა.