07.ივნისი .2021 22:22

საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით - კაკაურიძე

საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით - კაკაურიძე
views 273
უკან

საგადასახადო შეღავათების ეფექტიანობის შესასწავლად პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. როგორც მან BM.GE-ს განუცხადა, პირველ ეტაპზე მიმდინარეობს საგადასახადო დანახარჯების დათვლა, ანუ, რომელი შეღავათი რა თანხაში ითარგმნება საბოლოო ჯამში. 

„სანამ არ იქნება მთლიანად შეფასებული, დღეს შეუძლებელია იმის თქმა, რომელ შეღავათს რა ეფექტი აქვს, რომელი შეღავათის გაუქმება იქნება უფრო სწორი, ან რომლის დაწესება. სამუშაოების დამთავრებას ერთ ან ორთვიანი პროცესი, რა თქმა უნდა, არ ეყოფა. პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგით, იყო ის, რომ დავითვალეთ საგადასახადო ხარჯი და ეს პროცესიც არ არის დასრულებული. მე ვფიქრობ, რომ სავალუტო ფონდთან ახალი პროგრამის ფარგლებში გვექნება ეფექტიანობის შეფასების საშუალებაც და ამის მერე იქნება გადაწყვეტილებები წარდგენილი პარლამენტისთვის, რომელი შეღავათის გაუქმება არის მიზანშეწონილი და შესაბამისი არგუმენტებიც იქნება დასახელებული.

ჯამური თანხა შეიძლება იყოს 2 მლრდ-ზე მეტი, რაც შეღავათებიდან გამომდინარე რჩება ეკონომიკაში, თუმცა ამის დათვლა კიდევ საჭიროებს სრულყოფას, რადგან მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული დათვლა, საჭირო იქნება სერიოზული კვლევის ჩატარება, რაშიც გვეხმარება USAID და სავალუტო ფონდის ტექნიკური მისია, ხოლო შემდგომში ეფექტურობის შეფასება მოხდება მას მერე, რაც ყველა გადასახადის სახეობაში შეღავათების ტიპების მიხედვით გვეცოდინება დანახარჯების ეფექტი“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს საუბრობდნენ. „მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ“, - ამბობდა გიორგი გახარია გასული წლის დეკემბერში, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა