მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შემოსავლების შემოწმების იურიდიული უფლება არ გვაქვს, რაც სწორი არაა - გენერალური აუდიტორი

60ca21758a89b
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.21 20:40
3749
“დღეს საგადასახადო შემოსავლების შემოწმების იურიდიული უფლება არ გვაქვს, რაც არ არის სწორი,”- განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აუდიტის სამსახურს ბიუჯეტის შემოსავლების ადმინისტრირების პროცესის შესწავლის უფლებაც ჰქონდეს.

ამასთანავე, მექვაბიშვილი აღნიშნავს, რომ ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად დღის წესრიგში დადგა საკანონმდებლო ცვლილების საკითხი, რომლითაც აუდიტის სამსახურს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესწავლის უფლება უნდა მიეცეს.

“დღეს აუდიტის სამსახურს არ აქვს მანდატი, რომ შეამოწმოს შემოსავლები. ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ვნახოთ შემოსავლების ადმინისტრირება როგორ ხდება. კანონმდებლობიდან გამომდინარე ბიუჯეტის მხოლოდ ხარჯვით ნაწილზე ვართ კონცენტრირებული, რაც მე ვთვლი, რომ არ არის სწორი. ბალანსი შედგება ორი ნაწილისგან: არის შემოსავალი და ხარჯები. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდებით მხოლოდ ხარჯვით ნაწილზე. შემოსავლებს ჩვენ ვერ ვეხებით, რადგანაც ის ჩვენს მანდატში არაა, ამიტომაც დავსვით ის საკითხი, რომ შემოსავლების წვდომაზე საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა ჰქონდეს მანდატი. გეტყვით უფრო მეტსაც, კონცეპტუალურად, ჩვენ ეს გავიარეთ ფინანსთა სამინისტროსთან და ბატონი გიორგი კაკაურიძე აქ ბრძანდება, პარლამენტთანაც გავიარეთ. არის სამმხრივი პრინციპული შეთანხმება, რომ წლის ბოლომდე და ეს ჩვენ გეგმაშიც არის ჩაწერილი და ევროკავშირის მატრიცაშიც შევიდა ერთ-ერთ ვალდებულებად, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება და ჩვენ მანდატს დაუმატოს ეს ფუნქცია. მას შემდეგ ბუნებრივია ჩვენ ვნახავთ შემოსავლების ადმინისტრირება როგორ ხდება. დღეს ამის შემოწმების იურიდიული უფლება არ გვაქვს, რაც არ არის სწორი,” - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არაეფექტიანი საგადასახადო შეღავათების გადახედვაზე ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს საუბრობდნენ. „მოგვიწევს ბევრი ისეთი საგადასახადო შეღავათის გადახედვა, რომელთა ეფექტურობა დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ჩვენი ბიზნესიც და მოქალაქეებიც ამას გაგებით უნდა მოეკიდონ“, - ამბობდა გიორგი გახარია გასული წლის დეკემბერში, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრისას.