მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახური ენზელ მკოიანის ბრალდებებს პასუხობს

5f649afc03672
BM.GE
18.09.20 15:32
858
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატს, ენზელ მკოიანის ბრალდებებს პასუხობს. განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გასული დღეების განმავლობაში ენზელ მკოიანის განცხადებებისა და მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი გაზის კომპანიის მიმართ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას.

გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც პოლიტიკურ ჭრილშია განხილული მიმდინარე გამოძიება, თითქოსდა საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყება უკავშირდება მოახლოებულ არჩევნებს, არ შეესაბამება სიმართლეს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება.

ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ ხსენებული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმი ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ მასზე და მის ძმაზე ზეწოლა ხორციელდება.

„ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე. დღეს, ჩემი ძმის კომპანიაში საფინანსო პოლიციისა და აუდიტის თანამშრომლები მოვიდნენ და დალუქეს ყველა კომპიუტერი და საბუთები. ჩემი ძმა საქართველოში დიდი სომეხი ბიზნესმენია, მასთან შპს “მეეკი”-ში და “ეს-ჯი-გაზ” კომპანიაში 300 ადამიანია დასაქმებული რომლის უკანაც ოჯახები დგანან. ეს არის ზეწოლა ბიზნესმენზე და ბიზნესზე. ეს ყველაფერი პოლიტიკური ხასიათისაა. მათი ერთადერთი მიზანია, რომ მე ჩემი კანდიდატურა მოვხსნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისგან.

თუ ამ ტემპში გაგრძელდება ყველაფერი, მაშინ, ის პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებთ, რაც დაგეგმილი იყო. კომპანია ვერ მოახერხებს ბუნებრივი აირის მიწოდებას და შემოდგომაზე, ამ მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა გაზის გარეშე დარჩება. კომპანია გაბანკროტდება და როგორც კომპანია ისე მოსახლეობა დიდ ზარალს მიიღებს“ , - აცხადებს მკოიანი.