მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

6313b1838ef12
თამთა ჯიჯავაძე
03.09.22 23:51
1975
საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური იტყობინება.

"2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება", - აღნიშნულია განცხადებაში.

სავარაუდოდ საქმე ეხება რუსული სკოლის საკითხს, რომლის შესახებაც დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება საქართველოში რუსული სკოლა School Club Georgia-ს გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ავტორიზებული არაა, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას.

ცნობისთვის, გუშინ "ბათუმელებმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ბათუმში გახსნილ რუსულ სკოლაში რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან. გამოცემის ინფორმაციით, ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა ინდმეწარმედ საქართველოში 2019 წელსაა დარეგისტრირებული.