მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანელიძე ფონდის რეფორმაზე: აქამდე ვერცერთმა პრემიერმა ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღო

5e67b3708e065
დავით ჯალაღონია
10.03.20 19:45
1349
"საპარტნიორო ფონდის" რეფორმის შესახებ პროექტის პირველი მონახაზი, სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში მომზადდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, სავალუტო ფონდსაც აქვს რეკომენდაციები, რომ პირველ კვარტალში ჩამოყალიბდეს ახალი ხედვა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს საპარტნიორო ფონდის სტრუქტურა და მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანები.

აქვე, საგანელიძემ მედიას შეახსენა, რომ ის ფონდის რეფორმის საკითხს მთავრობასთან, მისი ამ ორგანიზაციაში საქმიანობის პირველივე დღეებიდან აყენებს.

„დღესაც ვამბობ, რომ ფონდი ნამდვილად არ არის სწორად გამართული სტრუქტურა თავისი შინაარსით, როგორიც უნდა იყოს. ჩვენთან არსებობს მსხვილი სახელმწიფო საწარმოები - რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ესკო, ელექტროსისტემა და ა.შ, რომელთანაც არანაირი შეხება მართვაში არ გვაქვს. მათი კონსოლიდირებული ბალანსი წლის ბოლოს იკრიბება და ფასდება.

ყველა პროექტი, რომელიც ფონდის მიერ არის განხორციელებული, მომგებიანია, არცერთი პროექტი ჩაგვარდნია. მეტსაც გეტყვით, „სტარტაპ საქართველოს“ მიერ განხორციელებული 100-მდე პატარა დაფინანსების პროექტიდან, სადაც მოლოდინი იყო, რომ ნახევარზე მეტი ჩავარდებოდა, მხოლოდ შვიდი პროექტია, რაც ვერ განხორციელდა და ჩვენი თანხა ამოღებული იქნა. ყველა პროექტიდან ჩვენი გამოსავალი წლური 10-18%-მდეა, მომგებიანობით, რაც ბანკებსაც არ აქვთ.

მაგრამ ამის ფონზე, როცა გვაქვს შვილობილები - „საქართველოს რკინიგზა“, რომელსაც საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, დაწყებული დიდი კრედიტებით.... იგივე „საქართელოს ელექტროსისტემის“, გაზის კორპორაციის ფონზე და ა.შ, ყველა ჩვენი ეს მოგება შეჭამა და გამოვიდა, რომ ფონდი წამგებიანი სტრუქტურაა.

ჩვენი შემოსავლები ფიქსირდება მხოლოდ ასეთი შვილობილი ორგანიზაციების დივიდენდებით, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ნული დივიდენდი აქვს, მაშინ ფონდმა როგორ უნდა იმუშავოს? - პირველ რიგში, მოვითხოვ, რომ რკინიგზა, ელექტროსისტემა და გაზის კორპორაცია გავიდნენ ფონდიდან, ისინი შესაბამისმა სტრუქტურებმა და სამინისტროებმა უნდა მართონ. სხვათაშორის, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები გაოცებულნი იყვენ, რომ ეს პოზიცია მქონდა“, - განაცხადა საგანელიძემ და დასძინა, რომ თუ ფონდს მოქნილობა არ მიეცა, ძალიან გაუჭირდება მომავალში მუშაობა.

„აქამდე ვერცერთმა პრემიერმა, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგად ესმოდათ ეს შინაარსი, ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ეს მარტივი არ არის. აქამდე მივედით და დაიწყო ენერგოობიექტების ჩვენგან გატანა, რაც ძალიან კარგია. არსებობს ენერგეტიკის ფონდი - რატომ უნდა იყოს ენერგოპროექტები ჩვენთან და არა ენერგეტიკის ფონდში, მაგალითად, „ნენსკრა ჰესი“ და ა.შ?.

ჩვენი როლი უნდა იყოს შეზღუდული, ჩვენ უნდა მივდიოდეთ რთულ, სტარტაპ თემებში. მერწმუნეთ, ვერავინ წავა უდაბნოში და ვერ დაიწყებს ბაღის გაშენებს, თუ იქ სახელმწიფომ გარკვეული ინვესტიციები არ ჩადო, ან თუნდაც ამერიკის ბაზარზე ვერ შევა მარტივად“, - განმარტა საგანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდი ახალ პროექტებს არ აფინანსებს და ეს პროცესი ორგანიზაციის სტრუქტურული რეფორმის შინაარსის განსაზღვრამდე გაგრძელდება.

„რეფორმა ყველაფერს სჭირდება და არ შეიძლება, რომ ათი წლის ფონდი, რომელიც სულ სხვა მიზნებისთვის იყო შექმნილი, დღესაც იმავე სტრუქტურით და დებულებით მუშაობდეს. ამიტომ ასეთი ვალდებულებაა, რომ პირველ კვარტალში პროგრამა დაიდოს. მეტსაც გეტყვით, ახლა “Stand by” რეჟიმში ვართ და ახალ პროექტებს არ ვაფინანსებთ”, - აღნიშნა საგანელიძემ.