19.მარტი .2020 21:44

საგანგებო მდგომარეობა არ ცხადდება - გახარიას განმარტება

views 557
უკან

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს. გახარიამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ როგორც კი მსგავსი საჭიროება დადგება, მას რამდენიმე საათში მიიღებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომრეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ, რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილებას მიღებას, შემდგომ აღსრულებას.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ამის აუცილებლობა დადგება, და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, საზოგადოებას მთავრობის ახალი გადაწყვეტილებები გააცნო.