21.მარტი .2020 23:57

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირველი საათები თბილისში – რეპორტაჟი

views 15890
უკან

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ორ საათზე მეტია, რაც ოფიციალურად მოქმედებს. ეს რეჟიმი მთელ რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს, რაც პრეზიდენტის მიერ გამოცემულ დეკრეტშია გაწერილი.

სალომე ზურაბიშვილის მიერ ხელმოწერილი და პარლამენტში ცოტა ხნის წინ დამტკიცებული დოკუმენტი, 21 აპრილამდე ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების წესებს სრულიად ცვლის. საზოგადოება დახურულ სავაჭრო ობიექტებს, შეკრების შეზღუდულ რაოდენობას, სურსათის მაღაზიებში სამომხმარებლო ქცევის ახალ მიდგომებს და რაც მთავარია, სახლში უქმად, ან საქმიანად ყოფა–ცხოვრებას (ვისაც სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამის საშუალება აქვს) მთელი დღის განმავლობაში უნდა მიეჩვიოს.

BM.GE დაინტერესდა, როგორია სლოგანით – #დარჩისახლში – თბილისში ცხოვრება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე წუთებიდან, ამიტომ დედაქალაქის ქუჩებიდან რეპორტაჟს გთავაზობთ. დაკვირვების არეალია პეკინისა და კოსტავას გამზირები, ასევე მათი მიმდებარე ქუჩები.

მომხმარებლები სასურსათო მაღაზიებში იმ რაოდენობით, როგორც აქამდე მიჩვეულები ვიყავით, ვეღარ შევდივართ, ამიტომ საგანგებო ცხოვრების პირველი რეაქციები სწორედ ამ სავაჭრო ობიექტებთან შეგხვდებათ, სადაც სურსათ–სანოვაგეს მომარაგების მსურველთა ნაწილი თავის რიგს დახურულ კარს მიღმა ელოდება.

ეს ფოტო საღამოს ათის წუთებზეა გადაღებული, როცა თბილისში წვიმა დაიწყო 


რამდენიმე მაღაზიის კარებზე ასეთი წარწერაც დაგხვდებათ:



გარდა ამისა, მაღაზიების ნაწილი სამუშაო საათებსაც ცვლის. მაგალითად, გამრეკელის ქუჩაზე, „კარფურიდან“ გამოსულ, თუ შესულ მომხმარებლებს დაცვამ კარებშივე გვამცნო, რომ ხვალიდან ეს ობიექტი დილის 10:00 საათზე გაიხსნება და საღამოს 21:00 საათამდე იმუშავებს. საგანგებო მდგომარეობამდე სამუშაო საათები ასეთი იყო: 09:30–22:30.

შემდეგი დაკვირვება – ქალაქში, განსაკუთრებით შიდა ქუჩებში, პირველი სართულის მაცხოვრებელთა ოთახებიდან ტელევიზორების, ან საუბრის ხმას იმაზე უკეთ გაიგებთ, ვიდრე ამას, ცნობისმოყვარეები რამდენიმე დღის წინ ვახერხებდით. საგანგებო რეჟიმმა შინაური ცხოველების, ასევე, შაურმებით, პიცით, თუ "მაკდონალდსის" ნაწარმით დატვირთული მოპედების ხმებიც დააწინაურა.



სწორედ "მაკდონალდსის" რიგში, Wolt–ის ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომელმა გვითხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მისი დატვირთვა შედარებით გაიზარდა, დედაქალაქის მაცხოვრებელთა მენიუში კი ცვლილებებს ჯერჯერობით ვერ ხედავს.



მოპედებთან ერთად, გამზირებზე ყველაზე მეტად ავტობუსებს შეხვდებით. ტრანსპორტის მოძრაობის განრიგში, კერძოდ ინტერვალების კუთხით, ამ ეტაპზე, ცვლილებები შესამჩნევი არ არის.



სამაგიეროდ მგზავრების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. კოსტავას გამზირზე, N51 ავტობუსში ასულს 5 ადამიანი დამხვდა. როგორც წესი, საღამოს 9 საათისთვის, ამ ავტობუსში დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავთ, რადგან ის საკმაოდ ვრცელ მარშრუტს ემსახურება – ვაკისა და გლდანის რაიონებს აკავშირებს.




სავალუტო ჯიხურები მუშაობას ჩვეულებრივ განაგრძობენ, ტაბლოზეც ისევ არასახარბიელო ვითარებაა – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, ჯიხურებში 1 აშშ დოლარი 3 ლარი და 25 თეთრი ღირდა. BM.GE–სთან საუბრისას, ერთ–ერთო სავალუტო ჯიხურის ოპერატორი ამბობს, რომ დღეს მათთან დოლარის ფასი არ გაზრდილა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში მომხმარებლების მიმართვიანობამ იკლო.



ლარის ეს კურსი ტაბლოზე, ან კორონავირუსის გავრცელებით მიღებული რეალობა, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ჟურნალისტების, პატრულის, ან მედიკოსების ქცევას კი ვერ ერევა, არამედ – ქუჩის მუსიკოსების რეპერტუარსაც არ ცვლის. სწორედ იმ წუთებში, როცა დეპუტატები პარლამენტის სხდომათა დარბაზში საგანგებო მდგომარეობის დასამტკიცებლად ღილაკებს თითს აჭერდნენ, პეკინის გამზირზე რამდენიმე ავტობუსის, მოპედის და ავტომობილის ხმებს ნოტები შეერია.

მუსიკა ფილმიდან "მზე შემოდგომისა" – იქაც თბილისია, ფილმის გმირებს შედარებით სხვა საზრუნავი აქვთ.

ვიდეო 



ღამის თბილისი. 21 მარტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა