მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგანგებო მდგომარეობისას ექსპორტი გაგვინულდა - „აჭარა ტექსტილი“

5ede40b9782f6
ვიქტორია მღებრიშვილი
09.06.20 09:45
1108
საგანგებო მდგომარეობისას ექსპორტი განულებული გვქონდა - ამის შესახებ BM.GE-ის საერთაშორისო სპორტული ბრენდების Nike-ს, Adidas-ის, Under Armour-ის, New Balance-ის პარტნიორი ქართული კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა გია ლომინაძემ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საწარმო სრული დატვირთვით მუშაობს.

„პანდემიის პერიოდში, საგანგებო რეჟიმის დროს ძირითადად პირბადეების შეკერვით ვიყავით დაკავებული და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ დავიწყეთ ჩვენი პროდუქციის წარმოება და აღვადგინეთ ყველა ის დაგვიანებული შეკვეთა, რაც გვქონდა პარტნიორებთან. ამ შეკვეთების ექსპორტი უკვე განვახორციელეთ და დამკვეთებთანაც დავალაგეთ ურთიერთობები.

დიდი ცვლილება ჩვენს საპროგნოზო შეკვეთებში არ არის. ძალიან მცირე სხვაობით, თითქმის იგივე პირობებითა და დატვირთვით ვაგრძელებთ მუშაობას, რაც ამ პერიოდისთვის არის დამახასიათებელი ჩვენი წარმოებისთვის. ამასთან ვიმედოვნებთ, რომ სამომავლო გეგმები, რაც გვქონდა, გაფართოების თვალსაზრისით, იგივენაირად წარიმართება“, - აღნიშნა გია ლომინაძემ.

კომპანიის ფინანსური დირექტორი განმარტავს, შეკვეთების დაგვიანება საგანგებო მდგომარეობის დროს არსებულმა ვითარებამ განაპირობა.

„შეკვეთები ჩვენი მხრიდან დაგვიანდა. იმ პერიოდში ვერ შევკერეთ პროდუქცია, რადგან საგანგებო მდგომარეობის დროს მაქსიმალურად ვცდილობდით, რაც შეიძლება ნაკლები თანამშრომელი მოსულიყო საწარმოში, ესენი იქნებოდნენ რისკ ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამშრომლები თუ - სხვები. ამიტომ ამ პერიოდში არსებული რესურსებით გადავერთეთ ადგილობრივი პირბადეების წარმოებაზე. საგანგებო მდგომარეობის დროს 0%-იანი ექსპორტი გვქონდა, რაც რომელ კვარტალზე, რანაირად აისახება ჯერ არ ვიცით. რა თქმა უნდა, ეს წლიურ სურათზეც იქონიებს გავლენას“, - განმარტა მან.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის დროს "აჭარა ტექსტილის" 3 საწარმოდან მხოლოდ ბათუმის საწარმო აგრძელებდა მუშაობას.