13.ოქტომბერი .2021 22:17

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირვანდელ ვარიანტს მხარი დაუჭირა
views 115
უკან

„2022 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 175,5 მლნ. ლარით განისაზღვრა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის წევრები 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

სხდომაზე, მომხსენებელმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობზეც ისაუბრა, სადაც ყურადღება დაგეგმილ ეკონომიკურ ზრდაზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა.
მთავრობის წარომმადგენელმა კომიტეტის წევრებს, მომავალი წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მიმართულებები და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. მისი თქმით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4.4% საბიუჯეტო დეფიციტის ზღვარზე დაიგეგმა ხოლო 2023 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 3%-მდე შემცირება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზრდილია 751 მლნ. ლარით და შეადგენს 18,7 მლრდ. ლარს ხოლო გადასახდელები შემცირებულია დაახლოებით 1 მლრდ. ლარით. ასიგნებების შემცირება განპირობებულია პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებით და ასევე, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აღარ არის გათვალისწინებული ევრობონდების დაფარვა.

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განსაზღვრულია 13,9 მლრდ. ლარით, ხოლო ხარჯები-13,8 მლრდ. ლარით. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით შეადგენს 35,1 მლრდ. ლარს, მათ შორის საგარეო ვალი განისაზღვრება დაახლოებით 28 მლრდ. ლარით.

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებიდან საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 16,5 მლრდ. ლარს, გრანტები (დონორები)- 47,6 მლნ. ლარს, ხოლო კრედიტები - 1,9 მლრდ. ლარს.

მომხსენებელმა სხდომაზე ყურადღება გაამახვილა მხარჯავი უწყებების დაფინანსების ზრდაზე და აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს 5 მლრდ 941 ლარი გამოეყოფა, საიდანაც 4 მილიარდი ლარი სოციალური პროგრამებისთვისაა განსაზღვრული. უშუალოდ საპენსიო უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია 2 მლრდ 885 მლნ ლარს, რაც 285 მლნ ლარით მეტია, ვიდრე 2021 წლის მაჩვენებელზე. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართულებით ზრდა არის 113 მლნ ლარი, სადაც გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

მისივე ინფორმაციით, დაფინანსება ასევე 387 მლნ. ლარით ეზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც.

მთავრობის წარმომადგენელმა კომიტეტის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

დღესვე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი რამდენიმე ხელშეკრულება განიხილა. კომიტეტის წევრებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტს და სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა