30.ივნისი .2020 15:24

საგარეო ვალის ზრდის ნაწილში დიდი ბუფერები არ გვაქვს, მოგვიწევს ქამრის მოჭერა - ჩერქეზიშვილი

views 292
უკან

ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება საგარეო ვალის ზრდის ნაწილს ნიშნავს - ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა EPRC-ის მიერ გამართულ დისკუსიაზე, EPRC-ის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანდემიის პირობებში ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ანაკლიის პორტის განვითარების მნიშვნელობას შეეხებოდა.

"ლოგისტიკის ინდექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ, მსხვილ ან მულტინაციონალურ შეთავაზებებზე საუბრისას.

ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან სიახლოვე, საზღვაო საზღვრით, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა იყოს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარება. უნდა მოხდეს ზღვის პოტენციალის გამოყენება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს გახლავთ ევროკავშირთან ურთიერთობისას.

მეორე - როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე, აქ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ეს ყველა პროექტი საგარეო ვალის ზრდის ნაწილს ნიშნავს. დღეს ამ ნაწილში დიდი ბუფერები არ გვაქვს და მით უმეტეს კოვიდის პირობებში, კიდევ მოგვიწევს ამ კუთხით ქამრის მოჭერა.

ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც მიმდინარეობს ქვეყანაში, მგონია, რომ ძალიან კარგია და ამას მივესალმები, ვგულისხმობ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის და თუნდაც მეორადი გზების განვითარებას", - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

საინვესტიციო საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ქუთაისი უნდა გახდეს ლოგისტიკური ჰაბი, რაც ხელს შეუწყობს ბათუმის და ფოთის პორტების განვითარებას და ეს თავის მხრივ, მეტ ინვესტიციას მოიტანს ქვეყანაში.

"მე რასაც ვუყურებ, ძალიან დიდი პოტენციალი ლოგისტიკაში აქვს ქუთაისს. რეალურად, რა როლიც ითამაშა ქუთაისის აეროპორტმა ტურიზმის განვითარების ნაწილში, დღეს და მომავალში შეუძლია ითამაშოს ზოგადად მცირე და საშუალო მეწარმეობის და თუნდაც იგივე, სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ჩვენი რეკომენდაციაც შეეხებოდა ამას, რომ მოხდეს ქუთაისის მხარის როგორც ლოგისტიკის ცენტრის ჩამოყალიბება, რაც გააცოცხლებს ფოთის და ბათუმის პორტების საქმიანობას. ეს ერთიანი ჯაჭვი ალბათ შეიკვრება და იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით ინვესტიციები და კერძო ინვესტიციები იქნება მოზიდული", - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა