მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო ნაკადების ზრდა ომის და ტურიზმის აღდგენის შედეგია - საქაერონავიგაცია

632c4b4b907b2
მარიამ ვარადაშვილი
22.09.22 23:10
639
საქაერონავიგაციის სტატისტიკით, 2022 წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი წლიურად 49%-ით გაიზარდა. ჯამში მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 85 814 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა. სტატისტიკაში ხვდება როგორც საქართველოს აეროპორტებში შესრულებული აფრენა-დაფრენა, ასევე გადაფრენები.

საქაერონავიგაციაში საჰაერო სივრცის გამოყენების ზრდას პანდემიის შემდგომ მოგზაურობის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებენ.

“პირველ რიგში აღსანიშნია, რომ Covid პანდემიის მიერ საჰაერო მოძრაობაზე მიყენებული ზარალის აღდგენა 2021 წელს დაიწყო. ჯერ კიდევ ქვეყნებს შორის დაწესებული შეზღუდვების არსებობის პირობებში, ავიაკომპანიები ცდილობდნენ ფრენების შესრულების დაწყებას და მგზავრების ნდობის თავიდან მოპოვებას. საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაციის - Eurocontrol -ისა და საქაერონავიგაციის დაკვირვებით, გლობალურად საჰაერო მოძრაობამ აღდგენა 2022 წლის გაზაფხულიდან დაიწყო. წელს მგზავრები მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, მოგზაურობენ სამუშაო შეხვედრებსა და დასასვენებლად. 2022 წლის ზაფხულმა კი გვაჩვენა ევროპის მასშტაბით საჰაერო მოძრაობის სრული დატვირთვით აღდგენა ტურისტული სეზონის დაწყებას უკავშირდება”,-აცხადებენ საქაერონავიგაციაში.

აღდგენილი მიმოსვლის გარდა, სახელმწიფო კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილი მაჩვენებელი უკრაინაში მიმდინარე ომითაც არის გამოწვეული, რის გამოც საჰაერო ნაკადების გადაჯგუფება მოხდა.

“რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ევროკავშირს შორის ფრენების აკრძალვის შედეგად ამერიკულმა და ევროპულმა ავიაკომპანიებმა მოახდინეს მარშრუტის ცვლილება და გადამისამართდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, შესაბამისად, აღნიშნული საჰაერო ნაკადის ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებს”,- უთხრეს BMG-ის კომპანიაში.

კითხვაზე რას აკეთებს სახელმწიფომ იმისთვის, რომ ეს ზრდა სტაბილური იყოს და შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს, მაშინ როცა ომის ფაქტორი ამოიწურება. ამაზე საქაერონავიგაციაში გვპასუხობენ, რომ საჰაერო მარშრუტის არჩევა უშუალოდ საჰაერო სივრცის მომხმარებლის პრეროგატივაა.