მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰიბა გაფაროვა ღარიბაშვილს: "აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში"

6092cc327825c
BM.GE
05.05.21 20:44
1349
2020-ში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა $500 მლნ-ს აღემატებოდა, რაც დიდ მასშტაბებზე მეტყველებს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ განაცხადა, რომელმაც დღეს საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ასზე მეტ მთავრობათაშორის დოკუმენტს მოწერა ხელი და, რამდენადაც ვიცი, 15 დოკუმენტი ამჟამად განიხილება. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებმა ჩვენი ურთიერთობის იურიდიული ჩარჩო შექმნა სხვადასხვა სფეროში. მრავალი სახის თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს - პანდემიის დროს, 2020 წელს - ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ეს მაჩვენებლები ჩვენი თანამშრომლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს. დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები“, - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობებისა და პროექტების მნიშვნელობაზე.

"ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა და ასევე სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ერი ერთად ავითარებდა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც. ჩვენ მიზანსწრაფულნი და მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რათა მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივი ძალებით. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.