20.ნოემბერი .2020 15:57

საია ნამახვანჰესზე განცხადებას ავრცელებს და სასამართლოს მიმართავს

საია ნამახვანჰესზე განცხადებას ავრცელებს და სასამართლოს მიმართავს
views 592
უკან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნამახვანჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების დროს დაარღვია საკითხის საჯარო განხილვის წესები, რითიც დაინტერესებულ საზოგადოებას განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდა.

ამასთანავე, განცხადებიდან ირკვევა, რომ საიას იურისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენლებმა სასამართლოს მიმდინარე წლის აპრილში მიმართეს და მას მინისტრის მიერ პროექტზე გამოცემული ბრძანების გაუქმება მოსთხოვეს. საია წერს, რომ აღნიშნულ სარჩელზე მოსმენა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.

საიას განცხადება ნამახვანჰესთან დაკავშირებით:

“18 ნოემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი იმყოფებოდა სოფელ ჟონეთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან მათი უფლებების იგნორირებისა და რეპრესიული მეთოდებით სამართლიანი წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობისა, უკვე 27-ე დღეა აპროტესტებს კომპანია ,,ენკა რინიუებლზის“ მიერ ნამახვანის ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის კანონდარღვევით მშენებლობას.

ჰესის მშენებელმა კომპანიამ- შპს ,,ენკა რინიუებლზმა“ არ უზრუნველყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობისათვის შესაძლო საფრთხის გამოვლენისთვის კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული კვლევების ჩატარება. მიუხედავად ამისა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მაინც გასცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ნებართვის მფლობელს გადაწყვეტილების შემდგომ დაავალა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა.

ასევე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას უხეშად დაირღვა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი საჯარო განხილვის წესები და დაინტერესებულ საზოგადოებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეეზღუდა.

ადგილობრივთა პროტესტი სამართლიანია, რადგან ექსპერტთა მოსაზრებით, ნამახვანჰესის კასკადს მნიშვნელოვანი ზემოქმედება ექნება როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ გარემოზე, ამ ეტაპზე არ არის ჩატარებული მნიშვნელოვანი კვლევები და მიუხედავად ამისა, არც სახელმწიფო და არც მშენებელი კომპანია ყურადღებას არ აქცევს ადგილობრივთა წუხილს.

#საიამ და მწვანე ალტერნატივამ სასამართლოს ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში მიმართეს სარჩელით და მოითხოვეს სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა, სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ არ ჩანიშნულა და პროექტის ზეგავლენის არეალში მცხოვრებ მოსახლეობას არ ეძლევა დავის სამართლებრივი და დროული გადაწყვეტის შესაძლებლობა. ამ პირობებში ადგილობრივ თემს მათი უფლებების დაცვის ერთადერთ შესაძლებლობად მხოლოდ სამართლიანი წინააღმდეგობის გაწევა რჩება.

ადგილობრივები ითხოვენ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას, რომელსაც კომპანია მოსამზადებელი სამუშაოების სახელით ახორციელებს. საია სოლიდარობას უცხადებს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო მშვიდობისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ კრიტიკულ სიტუაციაში კომპანიამ შეაჩეროს სამშენებლო სამუშაოები, ხოლო სასამართლომ დროულად და მიუკერძოებლად განიხილოს წარდგენილი სარჩელი,”- ნათქვამია განცხადებაში.

პროექტთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, პროექტი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის კუთხით საკმაოდ კარგად არის გათვლილი. ამასთან, ადგილობრივთა ნაწილის პროტესტთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მას იმედი აქვს, ინვესტორის აქტიური ძალისხმევითა და სახელმწიფოს მედიაციით, შექმნილი ვითარება განიმუხტება.

"მთლიანობაში, არ არის კარგი, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსგავსი ტიპის პროექტებს, თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი; ზოგადად, ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტი ხორციელდება, რომელსაც გარკვეული გავლენა აქვს გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო დიზაინი გააჩნია, ისმევა ხოლმე კითხვები და არის ხოლმე პროტესტის გარკვეული გამოხატულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით და ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება და დალაგდება, რადგან მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

ის <ნამახვანი ჰესის პროექტი> ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზეგავლენის შეფასების კუთხით და სერიოზული გეგმები აქვთ. ნებართვა გაცემულია და იქიდან გამომდინარე, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, ხელისუფლება დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება პროექტის უსაფრთხოების თემას. ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ სერიოზული დასაბუთების საფუძველზე ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვეწევით; აქედან გამომდინარე, რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით გადაჭარბებულია“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა პროექტის მნიშვნელობზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გარდა სამუშაო ადგილების შექმნისა, ნამახვანი ჰესის პროექტი ქვეყნის ენერგოუსაფრთხობის კუთხითაც მნიშვნელოვანია.

„რამდენადაც ვიცი, ინვესტორი აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან და მანამდეც მუშაობდა, სწორედ ამის გამო შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება... მთელ რიგ სოციალურ ღონისძიებებს ახორციელებს იქ ინვესტორი და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ აქტიურადაა ჩართული ამ სოციალურ პროგრამაში. გარდა ამისა, ამ პროექტის ფარგლებში, პიკზე საქართველოს 2 000-ზე მეტი მოქალაქე დასაქმდება. პირველ რიგში, ეს ადგილობრივი მოსახლეობა იქნება და უკვე დღეს მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან ბევრი ადგილობრივი სოფლების მაცხოვრებელია ჩართული“, - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, მდინარე რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. 23 ოქტომბერს დაწყებული აქციების მონაწილეები ტერიტორიიდან "ნამახვანიჰესის" ინვესტორის - კომპანიის „ენკას“ წასვლას ითხოვენ. 16 ნოემბერს კი, აქციებთან დაკავშირებით განცხადება პროექტის ინვესტორმა კომპანიამაც გააკეთა.

ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია. ამჟამად პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.