07.მაისი .2020 16:40

საიდან მოიტანს მთავრობა 200 მილიონ ლარს ტურიზმის სექტორის ხელშესაწყობად?

views 395
უკან

მთავრობამ დღეს წარადგინა 200-მილიონიანი პაკეტი, რომლითაც ტურიზმისა და სარესტრონო ინდუსტრიის დაფინანსება მოხდება. პაკეტი თვალისწინებს როგორც პირდაპირ საგადასახადო შეღავათებს, ასევე სუბსიდიებს.

BMG-ის კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების გამოყოფა, ნათია თურნავა პასუხობს, რომ დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში გამოიყოფა.

“200 მილიონი ლარის საერთო ღირებულების პაკეტი ეს არის მესამე ეტაპი ანტიკრიზისული გეგმისა. ჩვენ მარტის თვიდანვე ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას, მაგრამ ახლა ეს არის ყველაზე კრიტიკული და გადამწყვეტი ეტაპი და გეტყვით რატომ. ჩვენი ამოცანაა ამ მესამე ეტაპის დროს 200 მილიონის ფარგლებში არამარტო გადავაგორებინოთ და გადავალახინოთ ტურიზმს ეს რთული პერიოდი, არამედ მოვამზადოთ გახსნისთვის და გახსნის თარიღები არის საკმაოდ ახლოს, ჩვენ ამის შესახებ უკვე მოგახსენეთ და ეს არის ამბიციური, მაგრამ სრულიად მისაღწევი გეგმა. ამ პაკეტის ყველაზე წონადი ნაწილი არის საგადასახადო შეღავათები. ჯამში 135 მილიონი ლარი დაახლოებით არის საგადასახადო შეღავათები, რომელთაც ჩვენ გავუწევთ კომერციულ სუბიექტებს. 2020 წლის ქონების გადასახადისგან მათ სრულიად გავათავისუფლებთ და 2020 წლის საშემოსავლო გადასახადის გადავადებას გავუკეთებთ.

დანარჩენი თანხა - 60 მილიონი ლარი მოხდება აწარმოე საქართველოში-ს პროგრამის მეშვეობით. პლიუს 5 მილიონი ტურისტული კომპანიებისთვის და ტუროპერატორებისთვის გამოიყოფა.

ეს ფული მომდინარეობს მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან, რომლებიც ჩვენ გვერდში გვიდგანან ბიზნესების დასახმარებლად,”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

დღეს წარდგენილი შეღავათების პაკეტი ამგვარია:

1. 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
2. საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
3. განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
4. ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
5. კვების ობიექტებთან მიმართებით - მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
6. კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
7. კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
8. ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
9. ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
10. ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
11. ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
12. გიდების გადამზადების პროგრამა;
13. გიდების მხარდაჭერის პროგრამა.