მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდად ან აქტივების მმართველ კომპანიად დაფუძნების შესახებ სებ-ში ცხრა განაცხადი შევიდა

61ffb88de450d
BM.GE
06.02.22 15:50
1305
„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის ამოქმედებიდან დღემდე საინვესტიციო ფონდად ან აქტივების მმართველ კომპანიად დაფუძნების შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში სულ 9 განაცხადი შემოვიდა, - ამის შესახებ Bm.ge-ს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს.

მათივე ცნობით აღნიშნული სუბიექტების საინვესტიციო კაპიტალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ, რადგან კომპანიის უმეტესობა ახლად შექმნილია.

„ამჟამინდელი მონაცემებით, სულ დარეგისტრირებულია 2 კერძო საინვესტიციო ფონდი (შპს „გაზელ ფაინენს ჯორჯია“ და ერთობლივი საინვესტიციო ფონდი „რაშმორი“). რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიებს, 2020 წელს რეგისტრაცია მოიპოვა ერთმა აქტივების მმართველმა კომპანიამ (შპს „ნექსუს ასეტ მენეჯმენთ“), ხოლო 2021 წელს ლიცენზია მოიპოვა ორმა აქტივების მმართველმა კომპანიამ (შპს „ფორსაით ინვესტმენტ გრუპ“ და შპს „თიბისი კაპიტალ ესეთ მენეჯმენტ“).

კანონის ამოქმედებიდან დღემდე საქართველოს ეროვნულ ბანკში შემოვიდა 9 განაცხადი საინვესტიციო ფონდად ან აქტივების მმართველ კომპანიად დაფუძნების შესახებ და ამჟამადაც მიმდინარეობს განაცხადების განხილვა.

აღნიშნული სუბიექტების უმეტესობა ახლად შექმნილი კომპანიაა და ჯერ კიდევ მიმდინარეობს მათი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება და საინვესტიციო კაპიტალის მოძიება“, - განაცხადეს სებ-ში.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის 365-ე დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო ფონდებს ბანკების და სალიზინგო კომპანიების მსგავსად პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართვა შეუძლიათ. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი, რაც შეიძლება მეტი საინვესტიციო ფონდის შექმნის ხელშეწყობაა.

„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი 2020 წელს ამოქმედდა.

საინვესტიციო ფონდების ზედამხედველი საქართველოს ეროვნული ბანკია.