მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო იმიჯის გამოსწორების 4 ფაქტორი - ინტერვიუ ირაკლი კოვზანაძესთან

616428c96e7b3
თელარა გელანტია
11.10.21 20:00
812
რამდენად საკმარისად უფრთხილდება ხელისუფლება ინვესტორებს და რა გამოასწორებს გაფუჭებულ საინვესტიციო იმიჯს - ეს იყო ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ Forbes Georgia-ს და bm.ge-ს მთავარი რედაქტორების გიორგი ისაკაძის და თელარა გელანტიას ახალ რუბრიკა - #რედაქტ2თან ინტერვიუში უპასუხა. ირაკლი კოვზანაძე 4 ფაქტორს ასახელებს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას კონკურენტული გარემო, რაც ბიზნესებს დაეხმარება როგორც საზღვარგარეთ ბაზრების ათვისებაში, ისე მოიზიდავს ინვესტორებს ქვეყანაში.



ინტერვიუს სრული ვერსია დღეს BMG-ის და Forbes Georgia-ს სოციალური ქსელების არხებზე დღეს, 20:30 საათზე გავა.

თ.გ. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უახლეს ანგარიშში ერთი საინტერესო ინფოგრაფიკია მშპ-ის ზრდის კონტრიბუტურებზე, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2018 წლიდან მოყოლებული ანუ პანდემიის დაწყებამდეც ინვესტიციების წვლილი ეკონომიკის ზრდაში იყო მცირე ან ურყოფითი სხვა კომპონენტებთან შედარებით. მახსოვს, თქვენი განცხადებაც 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ - „საინვესტიციო გარემოს ყველა უნდა გავუფრთხილდეთ“... თუმცა რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთ ინვესტორს ვკარგავთ - $800-მილიონიან „ნამახვნჰაესის“ პროექტს ვგულისხმობ. მაინტერესებს, რამდენად საკმარისად უფრთხილდება ხელისუფლება ინვესტორებს და რა გამოასწორებს გაფუჭებულ საინვესტიციო იმიჯს?

- მარტივ კითხვას არ სვამთ და პირველ რიგში, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ისე გიპასუხებთ... მთავარ ფაქტორებს ჩამოვთვლი - პირველ რიგში, გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში უცხო ქვეყნის სამხედო ბაზებია, რაც ბუნებრივია, ინვესტორისთვის ფაქტორია, აქედან გამომდინარე, ვინც არ უნდა იყოს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, მათ შეუძლიათ სიტუაცია გააუმჯობესონ, მაგრამ რადიკალური ცვლილებების შეტანა არ შეუძლიათ - მე გეუბნებით ჩემს შეგრძნებებს, მოკლედ, პოლიტიკური სტაბილურობა გვჭირდება; მეორე - ქვეყანას სჭირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა... IMF-ის პროგრამა არ არის მხოლოდ სავალუტო ტრანშები ბიუჯეტისთვის ან ცენტრალური ბანკის რეზერვების შესავსებად ანუ თანხა, რომელიც უნდა მიიღოს ლაშა ხუციშვილმა ან კობა გვენეტაძემ.

თ.გ. ისევე როგორც ევროკავშირის 75 მლნ ევროიანი ტრანში არ იყო მხოლოდ ფინანსური დახმარება...

- ჩვენ გვჭირდება სავალუტო ფონდის პროგრამა... მესამე - რაზეც ყურადღებას გავამახვილებდი, ესაა საჯარო ინვესტიციების მართვის რეფორმა. კაპიტალური ინვესტიციების ფარდობა ერთ-ერთი მაღალი გვაქვს და ამის ეფექტიანობის გაზრდა გვჭირდება - ამ მხრივ ინვესტიციების შემოსვლის კარგი პოტენციალი გვაქვს; მეოთხე ფაქტორი ეს არის კონკურენციის ზრდა ყველა მიმართულებით; ყველაფერი უნდა გაკეთდეს კონკურენციის გაზრდისთვის და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს არსებულ ბიზნესებს, უნდა შეუქმნას კონკურენტული გარემო, რათა გარეთ გავიდნენ და ასევე, ბიზნესებს ხელი უნდა შეუწყოს, რომ შემოვიდნენ. ჩემი წარმოდგენით, ეს არის ერთ-ერთი პირობა, რომ ინვესტიციები გაიზარდოს. დაბალი საგადასახადო გარემო რომ გვაქვს და ბიზნესის დაწყება რომ მარტივია საქართველოში, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. მოკლედ ესაა რამდენიმე მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ ინვესტიციები.

თ.გ. სასამართლო რეფორმაზე ხელი ჩაიქნიეთ?

- არ ჩავიქნიეთ, ბუნებრივია. მე გიპასუხეთ როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. სასამართლო რეფორმას და სხვა ფუნდამენტურ საკითხებს თქვენ ხშირად ხშირად აშუქებთ...

გ.ი. არსებული ბიზნესების გარეთ გასვლის ხელშეწყობაში, ვფიქრობ, მარტო ექსპორტის წახალისების მექანიზმები არ გიგულისხმიათ და უფრო ფართო მასშტაბს გულისხმობთ...

- ბუნებრივია; ამის შესაძლებლობა არის. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესებს - ეს გაკეთებადია.

თ.გ. და უკვე შემოსულ ბიზნესებს რომ ვუშვებთ, ამას რა ეშველება? ამ გაფუჭებულ იმიჯს რა გამოასწორებს? „ნამახვანჰესის“ ინვესტორის მაგალითი ყველაზე ახალია...

- მსხვილ ბიზნესებთან, მსხვილ საინვესტიციო პროექტებთან მიმართებით სახელმწიფოს როლი უნდა იყოს უფრო მეტი და მნიშვნელოვანი, იგივე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით, რაზედაც თქვენ საუბრობთ.