13.ოქტომბერი .2021 21:55

საჯარო სექტორის კვალიფიციური კადრები კერძო სექტორში წასვლას ცდილობენ - კაკაურიძე

საჯარო სექტორის კვალიფიციური კადრები  კერძო სექტორში წასვლას ცდილობენ - კაკაურიძე
views 4045
უკან

„საჯარო სექტორმა კერძო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობა დაკარგა. თითქმის ბოლო 5 წელია ხელფასები გაყინულია“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საგარეო უწყებასა და საელჩოებში ხელფასების ზრდის მნიშვნელობაზე ოპოზიციონერი დეპუტატის გრიგოლ ვაშაძის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ცდილობს, რომ მომდევნო წელს ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას და საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა შესაძლებელი გახდეს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ეს რესურსებზეა დამოკიდებული.

„ასევე,  ზრდა მხოლოდ ერთჯერადად საკმარისი არაა. ბიუჯეტში ჩანაწერიც არის გაკეთებული, რომელიც ითვალისწინებს რომ მთავრობამ მომდევნო წლის 1 ივლისამდე უნდა დაამტკიცოს მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად საჯარო სექტორში ხელფასები მოიმატებს და ეს უნდა იყოს მიბმული კერძო სექტორში ხელფასების ზრდასთან. თუ კერძო სექტორში არ იზრდება ხელფასები, საჯარო სექტორშიც არ უნდა იზრდებოდეს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს აპარატს, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა რომ წელს გარკვეული ზრდა დაფიქსირდა, ხელფასები უწყებაში მაინც საკმაოდ დაბალია.

„გარკვეულ პერიოდებში ვნახეთ რომ თანამშრომელთა რიცხვი ამა თუ იმ სამინისტროში შემცირდა. სახელფასო ფონდი კი იგივე დარჩა და ამის ხარჯზე ხელფასები გაიზარდა. მათ შორის ფინანსთა სამინისტროში. თანამშრომელთა რაოდენობა დაახლოებით 30%-ზე მეტითაც შემცირდა. ამის ხარჯზე ხელფასები უფრო მეტია ფინანსთა სამინისტროში, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ანუ ფინანსთა სამინისტროში სახელფასო ფონდი არ შეცვლილა ბოლო ათი წელია, უბრალოდ ოპტიმიზაციის ხარჯზე შევძელით, რომ ხელფასები მეტნაკლებად შენარჩუნებულიყო. თუმცა, დღეს არამხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც უცხო ენის ცოდნა აუცილებელი და საჭიროა, ფინანსთა სამინისტროშიც არის კონკურენციის კუთხით სერიოზული პრობლემა. დეპარტამენტების უფროსების დონეზეც კი ფაქტობრივად შეუძლებელია ახალი კადრის მოყვანა. ასევე, ყველა აქ მომუშავე გამოცდილი და კვალიფიციური კადრი ცდილობს კერძო სექტორში წასვლას. ამას ძალიან წარმატებით ახერხებენ და გადინებაც ძალიან დიდი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ამიტომაც მისივე თქმით, საჯარო სექტორში ხელფასების მატება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ ძალიან არაეფექტურ საჯარო სექტორს, რაც დაეტყობა როგორც საგარეო პოლიტიკას, ასევე ნებისმიერ სერვისს, რასაც სახელმწიფო მოსახლეობას აწვდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა