მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესი იწყება

5e3441e644a93
BM.GE
31.01.20 21:15
1318
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, საჯარო სკოლების ეფექტიანი მართვისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სერტიფიცირების შედეგად ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიცირებული და ღირსეული კადრების მოზიდვა იგეგმება.

დირექტორობის მსურველთა შერჩევის პროცესში სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს როგორც კონკურსის გამჭვირვალედ, კვალიფიციურად და მიუკერძოებლად ორგანიზება, ასევე, კონკურსანტებისთვის კეთილგანწყობილი და თანაბარი პირობების შექმნა.

სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან, ტესტირება და გასაუბრება.

სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.

კონკურში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი აქვს.

ტესტირების პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს – საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტის კომპეტენცია და უნარები წარმატებით დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში. შეფასება განხორციელდება ტესტის დასრულებისთანავე. ტესტირებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, კონკურსანტს საშუალება ეძლევა გადავიდეს გასაუბრების ეტაპზე.

ტესტირების ჩატარებამდე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე წინასწარ განთავსდება:

• ტესტირების ჩატარების განრიგი;
• ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ - დავალებათა ტიპები და რაოდენობა;
• მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა.