მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, რათა ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო, ვისაც ეწოდა თაღლითი ექიმი"

5f310551ef613
თამთა ჯიჯავაძე
10.08.20 13:10
1792
ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების ექიმებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტიკარაძემ აღნიშნა, საუბარი შეეხო დაკავებული ექიმის "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორის ვახტანგ ყიფიანის საქმეს, რა დროსაც გამოიკვეთა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა.

„ცალსახად გამოიკვეთა, თუ რამდენი და რა მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებაა საჭირო საკანონმდებლო ბაზაში და რეგულირების და პროფესიული კომპეტენციების ნუსხაში, იმისათვის, რომ ვახტანგ ყიფიანი იყოს ბოლო ექიმი, რომელიც მოხვდა იმ გაურკვევლობაში, სადაც მას ეწოდა თაღლითი ექიმის სახელი.

სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციების ფარგლებში განახორციელოს დამატებით არაერთი ქმედება იმისათვის, რომ სიცხადე შეიტანოს ამ საქმეში. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, რათა გადავდგათ ის ქმედითი ნაბიჯები, რაც დადებით გავლენას იქონიებს ვახტანგ ყიფიანის საქმეზე“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს კომპეტენციები, თუ რომელ ექიმს რა ჩარჩო დოკუმენტით და რეგულაციებით აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ტიპის პაციენტი და განახორციელოს გარვეული ტიპის ჩარევა.

რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა ვახტანგ ყიფიანი დამნაშავე, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა:

„ეს კონკრეტული შემთხვევა არის კომპლექსური და რთული შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მაშინ როდესაც მიმდინარეობს 20 თვეა აქტიურად გამოძიება, მე არ მაქვს უფლება მივიღო კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, იყო ის დამნაშავე თუ არა. აქ არის სიმძიმეზე საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა არ არის სათანადოდ მომზადებული, რა თქმა უნდა, იკვეთება გარკვეული გადაცდომები“.

შეგახსენებთ, თბილისის პროკურატურამ სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“-ს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. გასულ კვირას დააკავეს.

პროკურატურამ "თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს" დირექტორი და ექიმი დააკავა.