მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რაც ღარიბაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან განიხილა

60af711097c01
BM.GE
27.05.21 14:17
559
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აღინიშნა პოლონეთს გამორჩეული წვლილი საქართველოს განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ იმპლემენტაციაში, რაც განვითარების თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით (“Polish Aid”) ხორციელდება. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისების აუცილებლობას და ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა, რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია და ქართული პროდუქცია ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში.

შესაბამისად, შედგა შეთანხმება, რომ მომავალში დაიგეგმოს ბიზნესფორუმები და გაღრმავდეს ბიზნეს კონტაქტები. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა, ასევე ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე და აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. აღინიშნა ერთობლივ წვრთნებსა და სწავლებებში ჩართულობის მნიშვნელობა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რომელიც მიმართულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენისაკენ.