მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რომელებზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მინისტერიალზე ისაუბრა

61fe3a9a5d18e
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 12:49
553
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანისა და სხვა ქვეყნების ენერგოკომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.

უწყების ცნობით, „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა როგორც რეგიონის, ასევე იმ ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რომლებიც აღნიშნული დერეფნის მეშვეობით ბუნებრივ აირს იღებენ, ან სამომავლოდ შეძლებენ მიღებას.

რომეო მიქაუტაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ „სამხრეთ გაზის კორიდორის“ მნიშვნელობა დღეს ფართოდ არის აღიარებული, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების რაკურსში, როდესაც ევროპული ბაზრის მოთამაშეები აქტიურად ეძებენ გაზის იმპორტის დივერსიფიცირებულ ვარიანტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო ვაჭრობისა და ენერგეტიკული ტრანზიტის თვალსაზრისით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მომხმარებელთა და მიმწოდებელი სახელმწიფოების ინტერესების გადაკვეთის არეალში მდებარეობს. „საქართველოს მთავრობა ერთგულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების, რომელიც ეხება ევროპულ წესებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზებას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

რომეო მიქაუტაძემ იმ ინიციატივების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავს „სამხრეთის გზის კორიდორის“ შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად მხარდაჭერა გამოხატა.

ცნობისთვის: „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მრჩეველთა საბჭოს მე-8 მინისტერიალი ოფიციალურად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა გახსნეს. მინისტერიალში, საქართველოს გარდა, მონაწილეობდნენ აშშ - ის, თურქეთის, იტალიის, თურქმენეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, სერბიის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, ხორვატიის, ბოსნია - ჰერცეგოვინას დელეგაციები.