მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საკმაოდ დიდი პირდაპირი ზარალი მივიღეთ“ – პანდემიის გავლენა Degusto-ზე

606c762001649
ვიქტორია მღებრიშვილი
07.04.21 09:00
940
სწრაფი კვების ობიექტების ქსელ „Degusto”-სთვის პანდემის წელი რთული აღმოჩნდა. 2020 წლის განმავლობაში დახურული 3 ფილიალი და გაყიდვების შემცირების გამო მიღებული ზარალი - ასეთია კომპანიის დღევანდელი მდგომარეობა.

Degusto-ს თანადამფუძნებელი ალექსანდრე ნორაკიძე BM.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ „კომპანიამ პანდემიის დროს საკმაოდ დიდი პირდაპირი ზარალი მიიღო და დამფუძნებლებს დამატებითი პირადი კაპიტალის მობილიზება მოუწიათ".

ის კონკრეტულ რიცხვებს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ 2 "ლოქდაუნის" შედეგად კომპანიაში შემოსავლების კლების პარალელურად სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-დან 100-მდე შემცირდა.

„პირველი ტალღა აბსოლუტურად მოულოდნელი იყო, მეორე ტალღისთვის მომზადებულები არ ვიყავით და მეტი ოპტიმიზმი იყო, რომ ეს პრობლემა გადაილახა. ამ პერიოდში კი, 1 წლის განმავლობაში შემოსავალი 4-ჯერ შეგვიმცირდა. მოგებაზე საუბარი არ არის. ყოველთვიურად ზარალის დაფინანსება გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების პერიოდში 4 ფილიალი გატანის სერვისზე მუშაობდა“, - ამბობს ნორაკიძე.

პანდემიის დროს იყო დადებითი ფაქტორები, მაგრამ Degusto-ს ფინანსურ მაჩვენებლებზე ამან დიდი დადებითი ზეგავლენა ვერ მოახდინა.

„ასორტიმენტის კუთხით მოთხოვნა განსაკუთრებით არ შეცვლილა. გატანის სერვისი, დაახლოებით, 300%-ით გაიზარდა, თუმცა ამან კვების ობიექტების დატვირთვის ნაწილში არსებული კლების მესამედიც ვერ დააბალანსა. არარეალურია, რომ გატანის სერვისმა კაფეტერიას დაუბალანსოს სრულად ადგილზე გაყიდვები“, - აღნიშნავს ის.

არსებული მდგომარეობის მიუხედავად, დღეს თბილისში კვების ობიექტის 6 ფილიალი ოპერირებს და 3 ეტაპობრივად გაიხსნება. კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქციის ღირებულება მათ ფილიალებში უცვლელი დარჩება.

„თანამშრომლების და მომხმარებლის მიმართ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარის განვითარებისთვის და უნდა გვქონდეს გეგმა, როგორ ვიქცევით მესამე ტალღის შემთხვევაში“, - უთხრა BM.GE-ს ალექსანდრე ნორაკიძემ.