მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკმარისია თუ არა ტურიზმის აღდგენისთვის 8 მლნ ლარი? - დარგის სპეციალისტების შეფასება

60001b129823e
ინგა მურუსიძე
14.01.21 17:46
828
2021 წელს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის 8 მილიონამდე ლარი გამოყო. Bm.ge-მ დარგის სპეციალისტებს ჰკითხა, თანხა რამდენად საკმარისია და რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული თანხით, რომ 2021 წელს ტურიზმის აღდგენის პროცესი დაიწყოს.

ბიუჯეტის სიმცირე კითხვებს აჩენს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დარციმელიასთვის, განსხვავებით „გალტ ენდ თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოსის, კახა სამყურაშვილისგან, რომელიც მცირე ბიუჯეტს ხსნის იმით, რომ წელს ტურიზმი სავარაუდოდ, მასშტაბურად ვერ აღდგება, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ეკონომიკაში შეზღუდვები 1 თებერვლამდე გაგრძელდა.

„ვერ ვპოულობ ახნას, რატომ ამცირებს რესურსს მთავრობა, რომლის მოსახლეობამაც გასულ წელს იშიმშილა და მეორე წელსაც მივაყოლებთ ალბათ. ახლა გაათმაგებული რესურსით უნდა მოვიზიდოთ ტურისტები. პრომოუშენებზე თანხები უნდა გავაზრდოთ და არა შევამციროთ. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ კომპანიები თავად ხარჯავენ თანხებს პრომოუშენზე. მე ვერ ვპოულობ ახსნას, რატომ უნდა იყოს შემცირებული ბიუჯეტი“, - ამბობს დარციმელია.

რაც შეეხება კახა სამყურაშვილს, მისი შეფასებით, წელს გათვლა ალბათ მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებზე უნდა გავაკეთოთ და იქ რეკლამირებას დიდი თანხები ისედაც არ სჭირდება.

„რაც შეეხება შორეული ქვეყნებიდან თვითმფრინავით ჩამოსულ ტურისტებზე გათვლილ მარკეტინგს, ადრე თუ დავხარჯავდით 1 დოლარს და მისი ეფექტი იყო 3 ჩამოსული ტურისტი ქვეყანაში, დღესდღეობით სულ რომ 200 მლნ ლარი დავხარჯოთ, რაღაც რიცხვს ვერ გავცდებით. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ადამიანები არ არის მზად მოგზაურობისთვის. ბევრად ნაკლები ეფექტურობა ექნება თითოეულ დახარჯულ ლარს, თან მარკეტინგის მიმართულებით დახარჯული ფული დიდ ეფექტს ვერ გამოიღებს და ჯობია თანხები მომავალ წლებზე გადანაწილდეს“, - აღნიშნავს სამყურაშვილი.