მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლომ "ჯორჯიან ეარვეისის" სარჩელის განხილვა შეწყვიტა

625ec07c869ee
შოთა ტყეშელაშვილი
19.04.22 18:10
1190
საკონსტიტუციო სასამართლომ ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა შეწყვიტა. შესაბამისი განჩინება სასამართლომ საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნა. 

სარჩელის გაწვევის შესახებ მოთხოვნა თავად "ჯორჯიან ეარვეისმა" ჯერ კიდევ 2021 წლის 12 თებერვალს გააკეთა, კომპანიის განცხადება სასამართლომ გაითვალისწინა და 13 აპრილს სარჩელის განხილვა შეწყვიტა. 

"ჯორჯიან ეარვეისმა" სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა. მაშინ კომპანია დავობდა, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მომსახურებებისთვის დაწესებული ტარიფები კომპანიისთვის არაკონსტიტუციურ გადასახადს წარმოადენდა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გაგზავნილ სარჩელში "ჯორჯიან ეარვეისი" წერდა, რომ ამ სატარიფო განაკვეთების გამო ავიაკომპანიას ოპერირება უჭირდა. 

საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე წარმოებაში 2019 წლის 10 ოქტომბერს მიიღო, თუმცა განხილვის დაწყებიდან ორ წელში თავად კომპანიამ მისი შეჩერება მოითხოვა, ახლა კი სარჩელის განხილვა ოფიციალურად შეწყდა. 

"ჯორჯიან ეარვეისის" სარჩელის არგუმენტი ასეთი იყო:

"მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ საფასური, რომლის გადახდაც ავიაკომპანიას უწევს, არაკონსტიტუციურია. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაფარვისათვის ავიაკომპანია იძულებულია, გაზარდოს ავიაბილეთების ღირებულება, ბილეთის ღირებულების ზრდა იწვევს მგზავრთა ნაკადის შემცირებას, მცირდება ტვირთის გამგზავნთა რაოდენობაც, რის შედეგადაც ავიაკომპანია კარგავს მომხმარებელს და შესაბამისად – შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებებით განპირობებული ბილეთის ტარიფის იძულებითი ზრდა უარყოფითად აისახება ავიაკომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფასურის გადახდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისათვის შესაბამისი ნებართვების მიღებისა და საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, ამასთან, სააგენტო საქართველოში არსებული ერთადერთი ორგანოა, რომელიც ამ დარგში ახორციელებს შესაბამის მომსახურებას. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საფასურის განაკვეთების თვითნებურად დადგენით, სააგენტო ბოროტად იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას, ხოლო ავიაკომპანია ოპერირების განხორციელებისთვის იძულებულია, მიიღოს მისი მომსახურება ნებისმიერ ფასად. ამასთანავე, ოპერირების განხორციელებისათვის სააგენტოსგან ნებართვის მოპოვება არ სჭირდებათ და, შესაბამისად, მომსახურების საფასურის გადახდა არ ევალებათ უცხოეთში რეგისტრირებულ (არარეზიდენტ) ავიაკომპანიებს, რაც ქმნის არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სააგენტოს მომსახურებისთვის შესაბამის საფასურს იხდიან როგორც ავიაკომპანიები, ისე სხვა სუბიექტები, მაგალითად, აეროპორტები, საწვავ-გასამართი საწარმოები, რომელთა მომსახურებას, თავის მხრივ, საჭიროებს ავიაკომპანია სტაბილური ოპერირებისათვის. ეს სუბიექტები სააგენტოსათვის გადასახდელი საფასურის ოდენობას თავიანთი მომსახურების ტარიფში ასახავენ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ გაწეული მომსახურების მიღებით, ავიაკომპანია იხდის როგორც ამ სუბიექტების მიერ სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასურს, ისე სააგენტოს მიერ უშუალოდ მისთვის გაწეული მომსახურების გადასახადს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებული რეგულაციის პირობებში, ავიაკომპანიებს ეკისრებათ დუბლირებული მომსახურების საფასურის გადახდა.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სააგენტო ერთდროულად ახორციელებს როგორც საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური სფეროს რეგულირებას, ისე სამოქალაქო ავიაციის ზედამხედველობასა და კონტროლს. ამასთანავე, მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური სააგენტოს დაფინანსების წყაროა და ხმარდება, შესაბამისად, მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, სააგენტო დამოკიდებულია ავიაკომპანიების მიერ გადახდილ საფასურზე, რომლის გადახდასაც იგი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, თავადვე აკისრებს კონტროლქვეშ მყოფ სუბიექტს – ავიაკომპანიას, ეს კი აჩენს კორუფციის სერიოზულ საფრთხეს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს კანონიერ, ჯეროვან და მიუკერძოებელ საქმიანობას," - ნათქვამია საკონსტიტუციო სარჩელში. 

"ჯორჯიან ეარვეისი" ამჟამად რეაბილიტაციის რეჟიმშია და მისი მფლობელები კომპანიის გაყიდვას უშედეგოდ ცდილობენ:

“საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯმა” ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც რეაბილიტაციის რეჟიმშია, ვერ გაყიდა. ამის შესახებ BMG-ს საბროკერო კომპანიის დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ უთხრა, რომელიც 2021 წლის ოქტომბრამდე “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი იყო.

“აპრილის დასაწყისში მოვხსენით გაყიდვებიდან. სამწუხაროდ, ვერ გავყიდეთ”, - გვიპასუხა ბოკერიამ.

“ჯორჯიან ეარვეისი” გასაყიდად მიმდინარე წლის იანვარში გამოიტანეს და მისი ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარი იყო. მაშინ ბოკერია აცხადებდა, რომ „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯსა“ და "ჯორჯიან ეარვეისს“ შორის გაფორმდა საბროკერო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, უნდა მოეძიებინათ საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის 49% წილის მფლობელი პარტნიორი ან ახალი მესაკუთრე.