მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონტეინერო გადაზიდვების ფასი მცირდება - გაიაფდება თუ არა იმპორტირებული პროდუქცია

632886e64e8bd
თათია ჩაფიჩაძე
30.09.22 09:37
721
კომპანია „ნოვას“ გენერალური დირექტორის ედიშერ ხიმშიაშვილის განცხადებით, საკონტეინერო გადაზიდვებზე ფასის კლება 1,5-2 თვიან პერიოდში გასაყიდი პროდუქციის ფასებს შეამცირებს.

„საქმიანი დილას“ ეთერში ხიმშიაშვილმა აღნიშნა, რომ აზიური ბაზრებიდან შემცირებულია პროდუქციის თვითღირებულებაც, რაც ჯამში ფასებს 10%-ით გაიაფებს პროდუქტს.

„საკონტეინერო გადაზიდვების ფასი ცალსახად კლებისკენ არის. გახსოვთ, რომ პანდემიის პერიოდში მკვეთრად გაიზარდა ფასები, გახუთმაგდა კიდეც. აზიიდან და ჩინეთიდან 12 ათასს დოლარს აღემატებოდა და დღეს უკვე 5 ათასიან ნიშნულს აღარ ცდება. ეს აადვილებს ლოგისტიკურ პროცესებს და ცხადია ასახვას ჰპოვებს გასაყიდი პროდუქციის ფასზეც. თუმცა მომხმარებელი ამას მყისიერად არ უნდა ელოდოს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან მარშრუტებზე, რომელსაც საშუალოდ 2 თვიანი პერიოდი სჭირდება. გარდა ტრანსპორტირების ხარჯისა, აზიური ბაზრიდან დაიკლო პროდუქციის ღირებულებამაც და ჯამურად ეს ალბათ ფასების 10%-იანი დაკორექტირების საშუალებას მოგვცემს.“ - განაცხადა ხიმშიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პანდემიის შედეგად 2021 წლის სექტემბერში კონტეინერით სარგებლობის საფასურმა 11,000-დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა, მიმდინარე წელს კი ფასები მკვეთრად დაეცა და ბოლო მონაცემებით, გადაზიდვის გლობალური ინდექსი დამატებით 5%-ით შემცირდა, კონტეინერის გამოყენების საფასურმა კი 4,862 დოლარი შეადგინა.

საკონტეინერო გადაზიდვების ფასები რეკორდული ზრდისკენ გზას პოსტ-პანდემიურ, ეკონომიკური აღდგენის პერიოდში დაადგა და ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის სექტემბერში მიაღწია. ზრდის ძირითადი მიზეზები სავაჭრო ბუმი და პანდემიის შედეგად ქვეყნებს შორის სავაჭრო მარშრუტების გადანაცვლება იყო, რამაც გადაზიდვები გაართულა.