მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო

6053361853e23
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 14:53
4329
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნა. ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა.

საბჭოს გადაწყვეტილებით:

ხვალიდან - 19 მარტიდან კვების ობიექტებში დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა;

1 აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს ექნებათ;

ამასთან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რიგ სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლები შეზღუდული რაოდენობით დაიშვებიან, კერძოდ:

28 მარტს  საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებელთა დასწრება დისტანციის დაცვით და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით იქნება შესაძლებელი. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ასევე იმართება ძიუდოში გრანდ-სლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30%.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად. საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე.