მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, ეს გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს - TI

6196246b4806c
ინგა მურუსიძე
18.11.21 14:36
498
საკრებულოს თანამდებობის პირთა რაოდენობა არ უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებაში წერია. 

საქმე ის არის, რომ საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა იზრდება, კერძოდ:

"საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე. დღეის მდგომარეობით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, იმ მუნიციპალიტეტში კი, სადაც 100 000 ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს შესაძლოა ჰყავდეს 2 მოადგილე. თბილისის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები (რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული).

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, რომელსაც ამჟამად ჰყავს ერთი მოადგილე, ფრაქციის ყოველ 3 წევრზე უფლებამოსილი იქნება, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე. მოქმედი რედაქციით, ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში 9 წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე. თბილისის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ 9 წევრზე იგი უფლებამოსილია ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია ჰყავდეს არაუმეტეს 3 მოადგილისა.

ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს ერთზე მეტი ფრაქციის შექმნის უფლება არ ექნებათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, გაუგებარია, თანამდებობის პირთა რაოდენობის გაზრდა როგორ გააუმჯობესებს და გახდის უფრო ეფექტურს საკრებულოს საქმიანობას, როგორც ეს კანონპროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა, პირველ რიგში, გაზრდის საბიუჯეტო დანახარჯებს. დღეის მდგომარეობით, საკრებულოების 64 თავმჯდომარეს 73 მოადგილე ჰყავს, ამ ცვლილებით კი მათი რაოდენობა დაახლოებით 195-მდე გაიზრდება.

საკრებულოს თანამდებობის პირებზე გაიცემა შრომის ანაზღაურება, საწვავის, სატელეფონო კომუნიკაციის, მივლინებისა და სხვა ხარჯები. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2022 წლიდან მუნიციპალიტეტების უმეტესობაში შრომის ანაზღაურების მოცულობა ისედაც იზრდება, ახალი თანამდებობების შემოღება კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება ადგილობრივ მწირ საბიუჯეტო რესურსებს.

არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მინიმალურია იმის გარანტია, რომ ახალი თანამდებობის შემოღება ხელს შეუწყობს საკრებულოს საქმიანობისა თუ აღმასრულებელ ორგანოებზე კონტროლის ეფექტურობის გაზრდას - საკრებულოთა საქმიანობა არ არის ეფექტური იმ მუნიციპალიტეტებშიც, სადაც თავმჯდომარეებს დღესაც ორი მოადგილე ჰყავთ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” არაერთხელ შეისწავლა ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის საკრებულოთა საქმიანობა და ყველა შემთხვევაში საკრებულოები აღმასრულებელ ორგანოზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებენ. საკრებულოები უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებენ მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა მხოლოდ ერთი ერთეულით, შესაძლოა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყოს გამართლებული, თუკი ორიდან ერთი მოადგილე საკრებულოში მყოფი ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის/ბლოკის წარმომადგენელი იქნება, თუმცა მსგავსი პირობა საკანონმდებლო ინიციატივაში არ არის დათქმული.

რაც შეეხება ფრაქციებს, ერთის მხრივ, კარგია, რომ იცვლება ფრაქციის შექმნის წესი და გამოირიცხება მათი რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შესაძლებლობა, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა ავტომატურად ვერ გააუმჯობესებს ფრაქციათა საქმიანობას.

ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა 2017 წლის დეკემბრიდან შემოიღეს, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ახალი თანამდებობა ფრაქციის საქმიანობის ეფექტურობას გაზრდიდა, არ გამართლდა. ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” კვლევებმაც დაადასტურა - ჩვენს მიერ შესწავლილ ყველა საკრებულოში არის არაერთი ფრაქცია, რომელთაც არცერთი ინიციატივა არ ჰქონიათ.

პრობლემურია ის გარემოებაც, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან თანამდებობის პირები და იღებენ შესაბამის ხელფასს, მაგრამ აღარ ავსებენ დეკლარაციას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო გაართულებს საკრებულოში ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციის შესაძლებლობებს.

ვფიქრობთ, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებების რეალურ მიზანს წარმოადგენს საკრებულოებში არჩეული მმართველი პარტიის აქტიური წევრების თანამდებობებით უზრუნველყოფა და სახელმწიფო სახსრებით დაფინანსება. ეს კიდევ უფრო გააუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს ქვეყნის რეგიონებში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მმართველ პარტიას, ისედაც გაცილებით მეტ რესურსზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოპოზიციას.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” რეკომენდაციით: საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის გაზრდაზე; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი, სხვა თანამდებობის პირების მსგავსად, უნდა იყვნენ ვალდებულნი, შეავსონ ქონებრივი დეკლარაციები", - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.