23.სექტემბერი .2022 19:35

საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენელდა... წელს ზრდა მაქსიმუმ 10% იქნება - ალეკო ძნელაძე

საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი შენელდა... წელს ზრდა მაქსიმუმ 10% იქნება - ალეკო ძნელაძე
views 430
უკან

ამერიკის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზედიზედ უკვე მესამედ 75 საბაზო პუნქტით გაზრდის ეფექტი ქართულ ბაზარს უკვე დაეტყო.

ბანკების ასოციაციის ინფორმაციით, დოლარში სესხები გაძვირდა, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი კი შენელდა, თუმცა როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, გარდა FED-ის გადაწყვეტილებებისა, სასესხო პორტფელის ზრდის ტემპზე გავლენა საქართველოს ცენტრალური ბანკის ბოლო რეგულაციებსაც აქვს.

როგორც ალექსანდრე ძნელაძე განმარტავს, წელს სასესხო პორტფელის ზრდის ტემპი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 8%-მდე შემცირდება და საბანკო სექტორის პესიმისტური გათვლებით წლიურად საკრედიტო პორტფელის მაქსიმუმ 10%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

„რაც შეეხება პროცენტების ზრდას, უცხოურ ვალუტაში გარკვეულწილად ეს უკვე ასახულია და გაზრდილია საპროცენტო განაკვეთები სასესხო შეთავაზებებზე. ეს მომხმარებლებმა უკვე იგრძნეს და ნახეს კიდევაც. აღნიშნული და ასევე წლევანდელ წელს შესული რეგულაცია, რომელიც უცხოურ ვალუტაში მაქსიმალურ ვადას იპოთეკურ სესხზე 10-წლიანს ადგენს, უკვე აისახა იპოთეკური სესხების პორტფელზე და წლევანდელი წლის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შარშანდელი ზრდის ტემპს...

ერთ ფაქტორს არ გამოუწვევია ზრდის ტემპის შენელება. წლევანდელ წელს უკვე სადღაც 7%-თან არის ახლოს საკრედიტო პორტფელის ზრდის მაჩვენებელი, მაგრამ აქ უნდა ვიანგარიშოთ არა ერთი გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირპროპორციულად ზრდის ტემპის შენელებისკენ იყო მომართული, წლის დასაწყისში უცხოურ ვალუტაზე ვიხილეთ გადაწყვეტილება, ასევე 3%-იანი რისკის ბუფერის გამოთვლა მხოლოდ არსებულ სესხებზე, არამედ წინა პერიოდში აღებულ სესხებზე, სამომხმარებლო სესხებზე ვადიანობის შემცირება 4 წლიდან 3 წლამდე ანუ ყველა გადაწყვეტილება რეალურად მიზანმიმართულად ანელებდა დაკრედიტების ტემპს, მაგრამ ასევე მეორე მხარეს გვაქვს ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, რაც პირდაპირპროპორციულად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე აისახა და ამას დაეწია უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთის მკვეთრი ზრდა...

ვფიქრობთ, წელს საკრედიტო პორტფელი გაიზრდება მაქსიმუმ 10%-ით, თუ გარდამტეხი ცვლილება არ მოხდა სექტორში. სადღაც 5-დან 8%-მდე ნაკლები შეიძლება იყოს მთლიანად საკრედიტო პორტფელის ზრდა გასულ წელთან შედარებით“,- განმარტა ალექსანდრე ძნელაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა