13.ივლისი .2020 17:15

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ჩაირთო - წესები და პირობები ბიზნესებისთვის

views 612
უკან

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი უკვე ამოქმედდა და ბანკები კომპანიებისგან აქტიურად იღებენ განაცხადებს. 

"ყველა ბანკმა მოაწერა უკვე ხელი, რამდენიმე ბანკი არის, რომელსაც მოწერილი აქვს, თუმცა შესაბამისი პროდუქტი არ აქვს, ამიტომ ვერ გასცემენ. თუ ექნებათ გამოიყენებენ ისინიც. ჯერჯერობით, რესტრუქტურიზაციები არის უფრო მოთხოვნადი, ვიდრე ახალი სესხები, მაგრამ ახალი სესხებიც არის. 2-3 კვირა გვჭირდება, რათა ციფრებზე ვისაუბროთ. რადგან მექანიზმი რესტრუქტურიზაციებსაც ეხება, საკმაოდ მაღალი ინტერესია", - თქვა BMG-ისთან ალექსანდრე ძნელაძემ. 

საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეზე 4 ივლისს გამოქვეყნდა. შედეგად, პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ეს თანხა კერძო სექტორისთვის გადაუდებელი დაფინანსების გამოყოფას ისახავს მიზნად. მთავრობის პროგნოზით, სესხების გარანტირების მეშვეობით 2.1 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელის გაცემა მოხდება. პროგრამას ადმინისტრირებას ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი “აწარმოე საქართველოში” გაუწევს. 

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ბენეფიციარის შემოსავლების მოცულობა მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოს ზომას არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მისი არსებული სესხების ჯამი კი 12 მილიონ ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

მოთხოვნები პროგრამის ფარგლებში გაცემულ სესხთან მიმართებით

1. კომერციული ბანკის მიერ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა – 20 000 (ოცი ათასი) ლარს, ხოლო მაქსიმალური მოცულობა − 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხ(ებ)ის რესტრუქტურიზებისას, ამ პუნქტით გათვალისწინებული სესხის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ეკვივალენტური/შესაბამისი ოდენობებით უცხოურ ვალუტაში, სესხის რესტრუქტურიზაციის დღისთვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად. სესხის მაქსიმალური მოცულობა არ იცვლება თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სესხის რესტრუქტურიზებისას სესხის მოცულობად მიიჩნევა რესტრუქტურიზების განხორციელების მომენტში არსებული სესხის ნაშთი და არა გაცემული სესხის თავდაპირველი ოდენობა.

2. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი უფლებამოსილია, ისარგებლოს რამდენიმე სესხით, თუ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების ჯამური მოცულობა არ აღემატება 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს. თანამსესხებლების მიერ სესხის აღების შემთხვევაში, მათ მიერ აღებული სესხების ჯამური ოდენობა (ცალ-ცალკე და ერთობლივად) არ უნდა აღემატებოდეს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარს.

3. პროგრამის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ხოლო სესხის რესტრუქტურიზება/რეფინანსირება შესაძლებელია როგორც უცხოურ, ასევე ეროვნულ ვალუტაში. ამასთან, პროგრამის ფარგლებში დასაშვებია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხის რესტრუქტურიზაცია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ასევე იმავე ვალუტაში, რესტრუქტურიზების განხორციელების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის შესაბამისად.

4. საკრედიტო გარანტია მოქმედებს სესხის გაცემიდან/რესტრუქტურიზებიდან არაუმეტეს 10 წლის განმავლობაში.

5. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კომერციული ბანკი/მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს სესხის გაცემას ან/და რეფინანსირებას, ხოლო ბანკის შემთხვევაში ასევე გაცემული სესხის რეფინანსირება/რესტრუქტურიზაციას ამ დადგენილების №1 დანართით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებში.

6. რეფინანსირება/რესტრუქტურიზება პროგრამის მიზნებისათვის არ მიიჩნევა ახალი სესხის გაცემად.

7. თუ პროგრამის ფარგლებში რეფინანსირებისას ხდება ბენეფიციარისთვის თანხის დამატება, ნამეტი თანხა მიიჩნევა პროგრამის ფარგლებში აღებულ ახალ სესხად, რომელიც შესაძლოა, არ აკმაყოფილებდეს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში დასახელებული სესხის მინიმალური მოცულობის მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამეტი თანხა (ახალი სესხი) გაცემულია რეფინანსირებული სესხის მომსახურების მიზნით, რომლებიც თავის მხრივ აკმაყოფილებდა პროგრამით დადგენილ ლიმიტებსა და კრიტერიუმებს.

8. პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირების შემთხვევაში, თუ სესხის მოცულობა არ აკმაყოფილებს სქემის ფარგლებში მოთხოვნილ კრიტერიუმს, საკრედიტო გარანტიის გამოყენება ხდება სესხის თავდაპირველი მახასიათებლ(ებ)ის შესაბამისად.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა