13.ნოემბერი .2020 09:40

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 2.2 მლრდ-ის ნაცვლად ჯერ მხოლოდ 69 მლნ-ის სესხები გაიცა

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში 2.2 მლრდ-ის ნაცვლად  ჯერ მხოლოდ 69 მლნ-ის სესხები გაიცა
views 599
უკან

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი არის პროექტი, რომელიც მთავრობამ ეკონომიკის სტიმულირებისთვის დაამტკიცა. მისი მეშვეობით ბიზნესმა მთავრობის მიერ გარანტირებული სესხები უნდა აიღოს, ბიუჯეტის თანახმად, გასაცემი გარანტიის ოდენობა 330 მილიონი ლარია, რომლითაც 2.2 მილიონი ლარის სესხების გარანტირება უნდა მომხდარიყო. პროგრამა კერძო სექტორისთვის როგორც - ახალი სესხების გაცემას, ასევე, არსებული ვალდებულებების რესტრუქტურიზაციასაც ითვალისწინებს.

BMG-ის მიერ "აწარმოე საქართველოდან" მიღებული წერილობითი პასუხის თანახმად, 9 ნოემბრის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში 90-მდე ახალი სესხი იყო დამტკიცებული. ამ სესხების საერთო მოცულობა მთავრობის მიერ დაანონსებულ 2.2 მილიარდ ლართან შედარებით ბევრად ნაკლებია.

“საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ახალი პროექტების რაოდენობა შეადგენს 89-ს, საიდანაც დამტკიცებული სესხის მოცულობა 68.9 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო გარანტირებული სესხის მოცულობა 58.9 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. აღნიშნული პროექტების მეშვეობით შეიქმნება 2,271 სამუშაო ადგილი. ამასთანავე, რესტრუქტურიზებული პროექტების რაოდენობა არის 9, საიდანაც დამტკიცებული სესხის მოცულობა 6,132,040 ლარს, ხოლო გარანტირებული სესხის მოცულობა 1,839,391 ლარს შეადგენს,”- ნათქვამია სააგენტოს განმარტებაში.

საკრედიტო-საგარანტიო სისტემის პროექტის განმახორციელებელი ეკონომიკის სამინისტროს დავქემდებარებული სსიპ-ი “აწარმოე საქართველოშია”. ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 330 მილიონი ლარი სააგენტოს 2020 წლის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სისტემა გაფართოვდება და მისი მეშვეობით ახალი სესხების აღება და არსებულის რესტრუქტურიზაცია უფრო მეტ სექტორში მოღვაწე ბიზნესს შეეძლება.

“პროგრამას ემატება ეკონომიკური საქმიანობის 3 ახალი კოდი ინდუსტრიული მიმართულებით, მათ შორის: კინოფილმების ჩვენება, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, კონფერენციების და სავაჭრო გამოფენების ორგანიზება.

ამასთანავე, პროგრამას ემატება 9 ახალი კოდი სოფლის მეურნეობის, კერძოდ მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიმართულებით: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, სხვა ხილის, კენკროვნების და კაკლისებრების მოყვანა, ზეთოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული, ნარკოტიკული და ფარმაცევტული კულტურების მოყვანა (ამ კოდში დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა ნარკოტიკული კულტურების მოყვანისა), სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში მონაწილეობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ასევე, გამარტივდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში კვალიფიციური პორტფელის დათვლის წესი,”- ნათქვამია “აწარმოე საქართველოში”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავად საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში მონაწილეობისთვის კომპანიებისთვის არაერთი კრიტერიუმი არის განსაზღვრული. სისტემაში მონაწილეობის მიღებისთვის ბენეფიციარის შემოსავლების მოცულობა მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოსთვის განსაზღვრულ შემოსავლებს არ უნდა აჭარბებდეს, ხოლო მისი არსებული სასესხო ვალდებულებების მოცულობა 12 მილიონ ლარზე დიდი არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი სესხზე სახელმწიფო გარანტიით ვერ ისარგებლებს. ამასთანავე, მთავრობა პროგრამაში ჩართვის მსურველ ბიზნესს მხოლოდ ლარის სესხის გარანტიას სთავაზობს. კრედიტის რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში კი პროგრამა სავალუტო სესხებზეც ვრცელდება.