20.მაისი .2022 19:40

სალომე თვალოძე მსოფლიო ბანკის კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო

სალომე თვალოძე მსოფლიო ბანკის კონფერენციის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო
views 453
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის საკონსულტაციო ცენტრის (World Bank Financial Sector Advisory Centre, FinSAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია 17-18 მაისს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა, სადაც მონაწილეებმა პოსტ-პანდემიურ გარემოში საზედამხედველო გამოწვევებსა და მწვანე დაფინანსების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ FinSAC აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივად თანამშრომლობს და მათ საკონსულტაციო და ტექნიკურ დახმარებას უწევს ფინანსურ სტაბილურობასთან, მიკრო-პრუდენციულ ზედამხედველობასა და საბანკო რეზოლუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი შეხვედრის მონაწილეებს მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება გაუზიარა.

"ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავება 2017 წელს დაიწყო, ხოლო 2019 წელს მდგრადი დაფინანსების გზამკლევი გამოაქვეყნა და მასში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად აქტიურად მუშაობს," - აღნიშნა სალომე თვალოძემ.

მან ასევე ისაუბრა ტაქსონომიის პროექტის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ მიმართულებით დაგეგმილ სამომავლო აქტივობებს: "მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ეროვნულმა ბანკმა არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით შეიმუშავა და იგი გზამკვლევით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა". დისკუსიის დროს ასევე ხაზი გაესვა ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის წარმატებულ გამოცდილებას.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა