მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მალე საწოლების და თეთრეულის წარმოებას დავიწყებთ“ - Royal Georgia

64257d7ace6ec
ნანუკა ნარიმანიძე
30.03.23 21:15
464
მატრასების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია „როიალ ჯორჯია“ საწოლებისა და თეთრეულის წარმოებას იწყებს - ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა თეა მაისურაძემ გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ველოდებით ახალ დანადგარებს, რომელიც 2 თვეში საქართველოში იქნება, შემდეგ დავიწყებთ საწოლებისა და თეთრეულის წარმოებას, კომპანია მომხმარებელს, როგორც საკუთარ, ასევე მომხმარებელზე მორგებულ, პერსონალურ დიზაინს შესთავაზებს, ამაზე კი კომპანიის დიზაინერი იმუშავებს, რომელიც სპეციალურად ამ საქმისთვის ავიყვანეთ“, - განმარტა მან.

დამფუძნებლის თქმით, საწოლების ჩაშვებისთვის, კომპანია ნედლეულს საქართველოში შეიძენს, გარდა საწოლებისა, თეთრეულის წარმოებასაც დაიწყებს.

„გვინდა მომხმარებელს ისეთი თეთრეული შევთავაზოთ, რომელიც არ იწვის და წყალს არ ატარებს, საქართველოში არსებული მსგავსი წყალგაუმტარი თეთრეული ჭარბოფლიანობას იწვევს, ჩვენ, ბევრი ძებნის შემდეგ, მოვიძიეთ ქსოვილები, რომელიც მაღალი ხარისხისაა და მომხმარებელს მსგავს პრობლემებს არ შეუქმნის“, - განმარტა თეა მაისურაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმ დანადგარებზეც, რომელსაც კომპანია ელოდება.

„ერთ-ერი მთავარი დანადგარი, რომელსაც ველოდებით, ლოგოებს აქარგავს, გარდა ამისა, ჩამოგვდის მეორე სპეციალური დანადგარი, რომელიც მატრასს ერთ მთლიან სისტემაში შეკერავს და ნაკერები არ ექნება“, - დასძინა მან.

ახალი დანადგარების ჩამოსვლის შემდეგ, კომპანია 15-20 ადამიანის დამატებას გეგმავს. „ადრე 30-მდე ადამიანი გვყავდა დასაქმებული, ახლა ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა და ახალი დანადგარების ჩამოსვლის შემდეგ, კიდევ 15-20-ით გაიზრდება. ამ ადამიანების ნაწილს თურქეთში ან ჩინეთში ჩავიყვანთ გადამზადებისთვის, ან საქართველოში ჩავუტარებთ ტრენინგებს, თუ უცხოელი პროფესიონალები შეძლებენ ჩამოსვლას“, - განმარტა დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, „როიალ ჯორჯია“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა, კომპანია მომხმარებელს ორთოპედიულ მატრასებს, ბალიშებს და ლეიბებს სთავაზობს.საწარმო ლილოში, თიკანაძის ქუჩაზე მდებარეობს, საწარმოო რესურსი დღეში 200-მდე მატრასია და კომპანია 100-მდე ადამიანს ასაქმებს. მატრასების ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით, - 300-დან 2 000 ლარამდე იცვლება, კომპანიას მატრასებისთვის საჭირო ნედლეული თურქეთიდან შემოაქვს.