14.აპრილი .2021 21:10

სამცხე-ჯავახეთში 19 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში 19 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს
views 283
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, მან მოინახულა ახალციხეში, ხელოვნური ტბის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ტბასთან მისასვლელი გზა, პარკინგი, სპორტული მოედნები, სკვერი, საბავშვო გასართობი ატრაქციონები, ველო და საფეხმავლო ბილიკები, გარე განათებისა და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი რეკრეაციული ზონა ახალციხელებისა თუ ჩამოსული სტუმრებისათვის კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1.8 მილიონი ლარით ფინანსდება.

„მიუხედავად პანდემიისა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. წელს სამცხე-ჯავახეთში 19 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება, რაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ყველა ის მასშტაბური პროექტი, რომელიც დაიგეგმა წარმატებით დასრულდება. მუნიციპალიტეტის და რეგიონის ხელმძღვანელობა ყოველდღიურ რეჟიმში აკონტროლებს მათ შესრულებას. მნიშვნელოვანია, რომ პროექტები მრავალფეროვანია და მოიცავს გზების, ბაღების, სკოლების, სკვერების, სპორტული მოედნების, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია-მშენებლობას. ყველა პროექტი მორგებულია რეგიონის საჭიროებებს“,-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.