22.ივლისი .2020 15:25

სამედიცინო აპარატურის შესაძენად იაპონია საქართველოს $2.8 მილიონს გამოუყოფს

views 365
უკან

დღეს, საქართველოსა და იაპონიის მთავრობებს შორის არასაპროექტო გრანტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც იაპონიის მთავრობა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფს 300,000,000 იაპონური იენის ოდენობის (დაახლოებით 2.8 მლნ აშშ დოლარი) არასაპროექტო საგრანტო დახმარებას.

ფინანსთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შესაბამის ნოტებსა და თანდართულ დოკუმენტაციას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ.

არასაპროექტო გრანტი გამოყენებულ იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჭიროებისთვის, კერძოდ, სხვადასხვა ტიპის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შეძენისთვის.

აღნიშნული საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში არის რიგით მერვე.

იაპონიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2006-2015 წლებში საქართველოსთვის გამოყოფილ იქნა, დაახლოებით, 3,8 მილიარდი იაპონური იენი მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ტრანსპორტის სექტორისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის მიზნით.

შეთანხმების ხელმოწერამდე, ორ მხარეს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ფინანსთა მინისტრმა დიპლომატს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც იაპონიის მთავრობა საგრანტო დახმარების ფარგლებში უწევს საქართველოს ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების განვითარების პროცესში.

ხაზი გაესვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) როლს განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტების (აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გარკვეული მონაკვეთები) დაფინანსების მიმართულებით.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, იაპონიის მთავრობის მიერ საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტი „Clean Energy by Solar Electricity Generation“, რომლის ფარგლებშიც, მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც კვლავ წარმატებით გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა