მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო დაწესებულებები, სტომატოლოგიური კლინიკები - რა იცვლება მათთვის ახალი კანონპროექტით?

63f470228d38c
ელენე გოგბერაშვილი
21.02.23 23:45
1379
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი მოამზადა. დღეს მოქმედი კანონით, ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელთა საქმიანობა გარკვეულ დიაგნოსტიკურ პროცედურებს უკავშირდება, სავალდებულო ლიცენზირებას ექვემდებარება. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი კი რისკის ზომიდან გამომდინარე დიფერენცირებულ მიდგომას გვთავაზობს. დაწესებულებების ნაწილი კვლავ ლიცენზირებას, ნაწილი კი მარტივ რეგისტრაციას დაექვემდებარება. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, ცვლილებები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი ავტორიზაციის/ლიცენზირების სისტემა შეუსაბამოა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციებთან. იგულისხმება მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ბირთვული და რადიაციული საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას დაკავშირებული რისკების მიუხედავად. მარეგულირებელი ორგანო ლიცენზიას გასცემს, როგორც პირველი, ისე მეხუთე კატეგორიის წყაროს გამოყენებით საქმიანობებზე მაშინ, როცა რადიაციული რისკი მკვეთრად განსხვავებულია.

„ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც საქმიანობიდან გამომდინარე გარკვეულ დიაგნოსტიკურ პროცედურებს ეწევა, ის საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსგან. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ყველა ასეთი დაწესებულება ვალდებული იყო აეღო შესაბამისი ლიცენზია, მაშინ, როცა შემოთავაზებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით გვაქვს დიფერენცირებული მიდგომა ანუ კონკრეტულად გვაქვს ჩამოთვლილი ის ობიექტები, შედარებით მაღალი რისკის ობიექტები, რომელსაც კვლავ ლიცენზიის აღება დასჭირდება, ხოლო შედარებით მცირე რისკის მქონე დაწესებულებები, მარტივ რეგისტრაციას დაექვემდებარებიან. ასეთია მაგალითად სტომატოლოგიური დაწესებულებები, რომელთაც დამატებით თავიანთი საქმიანობის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული სააგენტოსგან ლიცენზიის აღება არ დასჭირდებათ და ამის ნაცვლად საქმიანობის რეგისტრაცია დასჭირდებათ, იმისათვის, რომ სააგენტოს ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რა პროცედურებს ახორციელებს დაწესებულება და ეს ინფორმაცია სააგენტოს სისტემაში სრულად აისახოს.

არის შედარებით მაღალი რისკის საქმიანობები, ძირითადად დიდი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური დანადგარებია განთავსებული, ასეთი ტიპის დაწესებულებებს კვლავ დასჭირდებათ ლიცენზირების მექანიზმის გამოყენება. ყველა ასეთი ტიპის დაწესებულება დღესდღეობით ფლობს ბირთვული და რადიაციული სააგენტოსგან გაცემულ შესაბამისს ლიცენზიას. სააგენტო ასეთ ლიცენზიებს არ გააუქმებს, უბრალოდ კანონის ძალაში შესვლის შემდგომ მათ დასჭირდებათ ავტორიზაციის ხელახალი დოკუმენტის აღება, რისთვისაც უნდა წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია, ყველა ინფორმაცია, მათი საქმიანობასთან დაკავშირებით და ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ აიღონ ლიცენზია, ან დარეგისტრირდნენ სისტემაში როგორც გათვალისწინებულია კანონით“,- განმარტავს ნინო თანდილაშვილი.

კანონპროექტის მიხედვით, ამჟამად ლიცენზირებული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ნაწილი რეგისტრაციას 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა დაექვემდებაროს. შესაბამისად, პირებს, რომლებზეც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება და დაექვემდებარებიან რეგისტრაციას, მოუწევთ სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდა. ამ მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრა იგეგმება კანონპროექტის გარდამავალ დებულებაში მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

„ცვლილებები გამომდინარეობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციებიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს დიფერენცირებული მიდგომა, რისკის შემცველი საქმიანობების სპეციფიკიდან გამომდინარე. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ყველა საქმიანობა ფლობდეს მაინცდამაინც ლიცენზიას, შესაძლებელია, რომ საქმიანობების ნაწილი, რომელიც მაღალი რისკისაა ფლობდეს ლიცენზიას და მეორე ნაწილი რეგისტრირდებოდეს მარტივად. აქ ასევე განსხვავება გახლავთ ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც.

ის მაღალი რისკის საქმიანობები, რომლებიც ლიცენზიის მფლობელები არიან, შემოწმდებიან ყოველწლიურად გამომდინარე მათი რისკიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული საქმიანობები არ შემოწმდებიან ყოველწლიურად, შემოწმდებიან რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. ანუ შედარებით მარტივ მიდგომას ითვალისწინებს, გაცილებით მარტივს, ვიდრე დღეს არსებული წესებია ამ თავლსაზრისით ჩვენი კანონმდებლობით დაწესებული“,- განმარტავს ნინო თანდილაშვილი.