მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამედიცინო ჰოლდინგი სახელმწიფო კლინიკებს კონკურენტუნარიანს გახდის - რესპუბლიკურის დირექტორი

5e3972040c56c
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 19:15
3721
სახელმწიფო კლინიკების სამართავად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ "სამედიცინო ჰოლდინგის" შექმნას დადებითად ვაფასებთ, - ამის შესახებ BM.GE-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო კლინიკები არ იყვნენ განვითარებულნი და ახალი ჰოლდინგი საქართველოში არსებულ სახელმწიფო კლინიკებს განვითარებაში დაეხმარება.

"სახელმწიფო კლინიკებისადმი სახელმწიფო სწორ პოლიტიკას აირჩევს და შეძლებს განავითაროს და კონკურეტუნარიანი გახადოს ისინი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია. თანხების განკარგვა და სახელმწიფო კლინიკების განვითარება ამ ჰოლდინგის საშუალებით განხორციელდება. რადგან მთელ დედამიწაზე ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ჯანდაცვა მთლიანად კერძო სექტორს ეკავოს, ამიტომაც სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორის შენარჩუნება, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია", - აცხადებს ლევან გოფოძე.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ ისინი მუშაობენ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმაზე, რათა წარუდგინონ "სამედიცინო ჰოლდინგს".

"ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და წინადადებისთვის. ჩვენც გვაქვს წინადადებები, როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო. მაგალითად ის, რომ მაღალგანვითარებული ტექნოლოგიები უნდა შემოვიდეს... მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვაქვს მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარების საშუალება, მხოლოდ კვლევები არ კმარა. თანამედროვე მედიცინა მკურნალობისთვისაც მაღალ ტექნოლოგიებს იყენებს უკვე. იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი გავხდეთ, ეს ჩვენთანაც უნდა განვითარდეს.

რა თანხები იქნება საჭირო იმისთვის, რომ ამ მიმართულებით რესპუბლიკური საავადმყოფო განვითარდეს, ამას ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეს ფინანსისტების საქმეა.

მარტის ბოლოსთვის სამედიცინო ჰოლდინგის მოღვაწეობის პროგრამა დაიდება. ჩვენც ვმუშაობთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების გეგმაზე, ფინანსურად გვინდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი წინადადებები. კლინიკების მართვის კომპანიის მიერ მოძიებული ინვესტორები სხვა ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენდნენ, ხოლო სახელმწიფოს სხვა ინტერესები აქვს. შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ყველაფერი.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ეტაპობრივად უნდა განვითარდეს და არ გვაქვს იმის ილუზია, რომ 2 დღეში 12 სართული გარემონტდება. შესაბამისად, რესპუბლიკური საავადმყოფო ერთ-ერთ წამყვან კლინიკად იქცევა, არა მარტო თბილისში, არამედ მთელ რეგიონში", - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.