26.ივლისი .2021 22:20

სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვაზე სამსჯელოდ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვაზე სამსჯელოდ პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
views 204
უკან

პარლამენტში დარეგისტრირდა ინიციატივა, რომელიც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების, ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიღების შემდეგ საკომპენსაციო განაკვეთების განსაზღვრისა და გაცემის პირობებს ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივა ა(ა)იპ „მოძრაობა სამართლიანი მედიცინის“ წარმომადგენელ ზურაბ ბაბუნაშვილს ეკუთვნის. საკითხი დღეს ჯანდაცვის კომიტეტზე განიხილეს და გადაწყდა, რომ ბაბუნაშვილის წინადადებას უარი ეთქვას, თუმცა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში, სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვის საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე სამუშაო ჯგუფი იქმნება.

კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პანდემიის დროს მედპერსონალს საკმაოდ მაღალი რისკის ზონაში უწევს მუშაობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება ნამდვილად სამართლიანი იქნება.

„ამდაგვარი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენ მივიღეთ მაშველებთან, მეხანძრეებთან, პოლიციელებთან მიმართებაში. როგორც ინფორმაცია მაქვს, საგანგებო სამსახურის მიერ ასეთი ფაქტების დროს კომპენსაციები იქნა გაცემული, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე ასეთი ჩარჩო არ არსებობს, როგორც სხვა შემთხვევებში და ლოგიკა არის იმაში, რომ მედპერსონალთან დაკავშირებითაც მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

საკანონმდებლო წინადადება კარგია, შინაარსობრივი თემით გამართული, მაგრამ არავითარი გათვლა არ ახლავს, ამიტომ ვფიქრობ უნდა შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვება ყველა უწყება, რომლებიც ამ საკითხთან არიან დაკავშირებული.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო მზადაა თანამშრომლობისათვის, ასევე ფინანსთა სამინისტრო. ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვთხოვ ჩაერთონ. ეს არის ზეპარტიული და აპოლიტიკური თემა, ამიტომ ყველამ ერთად ვეცადოთ, რომ სწორი, სამართლიანი და, მე ფიქრობ, აუცილებელი და დროული გადაწყვეტილებაც მივიღოთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა