19.სექტემბერი .2021 16:52

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (აგვისტო)

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (აგვისტო)
views 598
უკან

საქართველოში გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 12.8% შეადგინა, რაც ივლისში 11.9% იყო. ეს მაჩვენებელი ივნისში - 9.9%-ს, ხოლო მაისსა და აპრილში 7.7% და 7.2% -ს შეადგენდა. წლის დასაწყისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შედარებით დაბალი იყო. მაგალითად, თებერვალში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა 3.6%-ს აღწევდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას არ მოიცავდა, რადგან საქსტატის განმარტებით ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ, ფაქტობრივად, გადახდილს იყენებენ. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია და მიმდინარე წელს ყოველთვიურად ფასების დონე უფრო და უფრო სწრაფად იზრდება. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. აგვისტოს მდგომარეობით ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 19.3% შეადგინა, რაც ივლისში 19.0% იყო. გასულ წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.2% იყო, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება კი ზემოთ ნახსენები სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სები ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ აქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ცენტრალური ბანკი შემდეგში პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლო, „შეცვლილი გარემოების“ გამო სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ამით კი, ზედიზედ მონეტარული პოლიტიკა 1.5 პ.პ.-ით გამკაცრდა.
 
სებ-მა ბოლოს წინა კომიტეტის სხდომა 4 აგვისტოს გამართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ.-ით, 10.0%-მდე გაზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სებ-ის მონეტარულმა კომიტეტმა ბოლო ათწლეულის მანძილზე, ყველაზე მაღალი ნიშნულზე მყოფი ინფლაციის მიზეზების განმარტა. ცენტრალი ბანკის თქმით, ივლისის თვის ინფლაცია „მოულოდნელად მაღალია“, რომლის „განმსაზღვრელი ფაქტორები, ძირითადად, ერთჯერადი და მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელია“. სებ-ის ბოლო მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაშიც კიდევ უფრო გაზრდილი ინფლაციის მიზეზად ეგზოგენური ფაქტორებია ნახსენები, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 10.0% დარჩა, სადაც სებ-ის განმარტებით პოლიტიკის უცვლელად დატოვების მიზეზი ინფლაციაში „დროებითი ფაქტორების წვლილი“ და „გამკაცრების ფაზაში მყოფი“ მონეტარული პოლიტიკაა.

მსგავსად საქართველოსი, მონეტარული პოლიტიკა თურქეთშიც გამკაცრებულია, მაგრამ გამკაცრება შედარებით ადრეული პერიოდიდან დაიწყო. თუმცა, ფასების დონის ზრდის ტემპის მიუხედავად, პოლიტიკის გამკაცრებისგან თურქეთის ცენტრალური ბანკი რიგით მეოთხე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თავს იკავებს. კომიტეტის ბოლო სხდომა 12 აგვისტოს გაიმართა, სადაც მაღალი ინფლაციური მოლოდინების მიუხედავად, კომიტეტმა მონეტარული განაკვეთის 19.0%-იანი ნიშნულზე დატოვება ადეკვატურ პოლიტიკად მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის გამკაცრება 18 მარტის სხდომაზე 17% -დან 19.0%-მდე ზრდით დაიწყო, რაც ცენტრალური ბანკის მმართველისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღეს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობიდან, ოთხი თვის თავზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ნაჯი აგბალი გადააყენა. უკვე ყოფილმა მმართველმა კი ოთხთვიან ხელმძღვანელობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 875 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველად კი ექსპანსიური პოლიტიკის მხარდამჭერი შაჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა. ახალი მმართველის ხელმძღვანელობით მონეტარული კომიტეტის ოთხი სხდომა გაიმართა, მაგრამ განაკვეთი უცვლელი დარჩა.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანშიც სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი მაღალია, რეგიონის ქვეყნებიდან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. გასულ თვეს ინფლაციამ 6.7% შეადგინა, რაც წინა თვის წლიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პ.პ -ით მეტია. აზერბაიჯანში ფასების დონის სწრაფი ზრდა მიმდინარე წლიდან დაიწყო. თუკი გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9% იყო, მიმდინარე პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4.7%-ია, თუმცა 2020 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც აზერბაიჯანში ფასების დონის ზრდა შედარებით დაბალი, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამ ფონზე, როცა იანვრიდან ინფლაციის ნიშნული გაზრდილია და იგი ყოველთვიურად უფრო მაღალ ნიშნულზეა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას კვლავ ინარჩუნებს, რადგან 2020 წლის დეკემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 6.25%-იანი ნიშნულზე რჩება. ბოლოს სხდომაზე ბანკის მენეჯერთა საბჭომ განმარტა, რომ გადაწყვეტილება არსებულ დინამიკასთან შესაბამისობაშია, სადაც არსებული პროგნოზები გათვალისწინებულია და ინფლაციური მოლოდინები არ გაზრდილა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. თავად ინფლაციის დონის ზრდა კი „არა-მონეტარულს“ - „საგარეო ფაქტორებით“ დაუკავშირა.

საქათველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა 14 სექტემბერს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთი 7.0%-დან 7.25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. ამდენად, სომხეთის ცენტრალური ბანკი ბოლო ექვსი სხდომაა მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რადგან გასული წლის 15 დეკემბრის სხდომიდან მოყოლებული ყველა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება იყო მიღებული. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში პოლიტიკის განაკვეთი 3.0 პ.პ. -ითაა გამკაცრებული, რაც 2020 წელის მანძილზე 1.25 პ.პ. -ით იყო შემსუბუქებული. ამ ფონზე კი, სომხეთის ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 8.8% შეადგინა, რაც ივლისის თვესთან შედარებით 0.6 პ.პ. -ით მეტია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების ნიშნული სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო. წლის დასაწყისში ფასების დონე იკლებდა, რაც მეორე ნახევარში შეიცვალა. 2020 წელს სომხეთში საშუალო წლიური ინფლაცია 1.2%-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს კი საშუალო წლიური ინფლაცია 6.4%-ს აღწევს, რომლის შემცირებას ცენტრალური ბანკი მოკლევადიან პერიოდში არ ელოდება, მაგრამ შემდგომ პერიოდში, თანდათანობით 4.0%-იან ნიშნულამდე დაახლოებას პროგნოზირებს.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. აპრილში კი ეს მაჩვენებელი 0.3 პ.პ.-ით ნაკლები, 5.5% იყო, ხოლო მაისში კი, სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 6.0% შეადგინა. ივნისში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 6.5%-ს მიაღწია, რაც ივლისშიც იმავე ნიშნულზე იყო. გასულ თვეს კი სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი უფრო მაღალია და წლიურმა ინფლაციამ 6.7%-ს მიაღწია. ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე პოლიტიკის განაკვეთი კვლავ გაზარდა. კერძოდ, 13 სექტემბრის სხდომაზე განაკვეთი 0.25 პ.პ. -ით, 6.75%-დე გამკაცრდა. აღსანიშნავია, რომ ბოლის წინა ზედიზედ ოთხ სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პ.პ. -ით მკაცრდებოდა. ხოლო, ცენტრალური ბანკი წლის დასაწყისში პოლიტიკის განაკვეთის ზრდისგან თავს იკავებდა, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდებოდა ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბოლო სხდომებზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის ტემპს და გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს ეყრდნობა. თავად ბანკის მოლოდინია, რომ მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში წლიურ ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას დაიწყებს, ხოლო მომდევნო წლისთვის კი მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ბანკის პროგნოზით, 2022 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 4.0-4.5%-იან შუალედში იქნება.

ამდენად, გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ყველა ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლის ბოლოს არსებული ნიშნულები. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკის გამკაცრება წლის პირველი კვარტლის და მეორეს დასაწყისიდან დაიწყეს. გამონაკლისი კი აზერბაიჯანია, სადაც 2020 წლის შემდეგ, პოლიტიკის განაკვეთის არ შეცვლილა და ის კვლავ ექსპანსიურია, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლიდან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი ყოველთვიურად უფრო და უფრო მაღალია. გასულ თვეს კი ფასების ზრდის ტემპმა უკვე 6.7%-ს მიაღწია. რაც შეეხება ბოლო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს, ბოლო სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი კვლავ სომხეთმა და რუსეთმა გაამკაცრეს, ხოლო თურქეთსა და საქართველოში უკვე გამკაცრებული განაკვეთის უცვლელი დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა