მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (ივნისი)

60f3f483e21f9
ეგნატე შამუგია
19.07.21 10:10
1534
საქართველოში გასულ თვეში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 9.9% შეადგინა, რაც მაისში 7.7% იყო. ეს მაჩვენებელი მარტსა და აპრილში 7.2%-ს შეადგენდა, ხოლო თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.6%-ს აღწევდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას არ მოიცავდა, რადგან საქსტატის განმარტებით, ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ ფაქტობრივად გადახდილს იყენებენ.

თურქეთის შემდეგ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია და მიმდინარე წელს  ფასების დონე ყოველთვიურად უფროდაუფრო სწრაფად იზრდება. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. ივნისის მდგომარეობით, ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 17.5% შეადგინა, რაც მაისში 16.6% იყო. გასულ წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3%-ს აღწევდა, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.2% იყო, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება კი ზემოთნახსენები სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ. =-ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სები ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებდა, მაგრამ აქვე დასძენდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა.

თავის მხრივ, მაღალ ინფლაციას ორ ფაქტორს უკავშირებდა: „საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენციასა“ და „პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები ზრდას“. მიუხედავად იმისა, რომ მარტში ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავდა, აპრილის ბოლოს, „შეცვლილი გარემოების“ გამო სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ამით კი, ზედიზედ მონეტარული პოლიტიკა 1.5 პ.პ. -ით გამკაცრდა. სებ-მა ბოლო კომიტეტის სხდომა 23 ივნისს გამართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სებ–ი აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის მანძილზე საშუალო წლიური ინფლაცია 7.0%-ს ფარგლებში იქნება მოსალოდნელი, ხოლო მიზნობრივ, 3.0%-იან მაჩვენებელს მომდევნო წლიდან დაუბრუნდება.
 
მსგავსად საქართველოსი, მონეტარული პოლიტიკა თურქეთშიც გამკაცრებულია, მაგრამ გამკაცრება შედარებით ადრეული პერიოდიდან დაიწყო. მონეტარული კომიტეტის ბოლო სამ სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი, 19.0%-ია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის გამკაცრება 18 მარტის სხდომაზე 17%-დან 19.0%-მდე ზრდით დაიწყო, რაც ცენტრალური ბანკის მმართველისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღეს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობიდან, ოთხი თვის თავზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ნაჯი აგბალი გადააყენა. უკვე ყოფილმა მმართველმა კი ოთხთვიანი ხელმძღვანელობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 875 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველად კი ექსპანსიური პოლიტიკის მხარდამჭერი შაჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა. ახალი მმართველის ხელმძღვანელობით მონეტარული კომიტეტის სამი სხდომა გაიმართა, მაგრამ განაკვეთი უცვლელი დარჩა. ეს კი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკის შემსუბუქება, მოსალოდნელი არ იყო, რადგან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი მაღალია და ინფლაციური მოლოდინები კვლავ რჩება.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი აზერბაიჯანშიც მაღალია, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. გასულ თვეს ინფლაციამ 4.7% შეადგინა, რაც წინა თვის წლიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პ.პ -ით ნაკლებია. აზერბაიჯანში ფასების დონის სწრაფი ზრდა მიმდინარე წლიდან დაიწყო. თუკი გასულ წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.9% იყო, მიმდინარე პერიოდში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 4.2%-ია. თუმცა, 2020 წლის მსგავსად, მიმდინარე წელსაც აზერბაიჯანში ფასების დონის ზრდა შედარებით დაბალია, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ამ ფონზე, როცა იანვრიდან ინფლაციის ნიშნული გაზრდილია, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას კვლავ ინარჩუნებს, რადგან 2020 წლის დეკემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 6.25%-იან ნიშნულზე რჩება. ბოლო სხდომაზე ბანკის მენეჯერთა საბჭო განმარტავდა, რომ წინა პერიოდთან შედარებით ინფლაციის პროგნოზი არ შეცვლილა და შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა. თავად ინფლაციის ზრდას კი „არა-მონეტარულ“ - „საგარეო ფაქტორებს“ უკავშირებდნენ.

საქათველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა 18 ივნისს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთის 6.0%-დან 6.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. პოლიტიკის განაკვეთი წინა პერიოდში, მაისში გამართულ სხდომაზეც, 0.5 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო თებერვლის პერიოდში - 0.25 პ.პ.-ით. ამდენად, სომხეთის ცენტრალური ბანკი ბოლო ოთხი სხდომაა მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, რადგან გასული წლის 15 დეკემბრის სხდომიდან მოყოლებული ყველა სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულ პერიოდში, ჯამში პოლიტიკის განაკვეთი 2.25 პ.პ. -ითაა გამკაცრებული, რაც 2020 წლის მანძილზე 1.25 პ.პ.-ით იყო შემსუბუქებული. ამ ფონზე კი, სომხეთის ეკონომიკაში სამომხმარებლო ფასების დონის წლიურმა ზრდამ 6.5% შეადგინა, რაც მაისის თვესთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების ნიშნული სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო. წლის დასაწყისში ფასების დონე იკლებდა, რაც მეორე ნახევარში შეიცვალა. 2020 წელს სომხეთში საშუალო წლიური ინფლაცია 1.2%-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს კი საშუალო წლიური ინფლაცია 5.7%-ს აღწევს, რომლის შემცირებას ცენტრალური ბანკი მოკლევადიან პერიოდში არ ელოდება, მაგრამ შემდგომ პერიოდში, თანდათანობით 4.0%-იან ნიშნულამდე დაახლოებას პროგნოზირებს.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. აპრილში ეს მაჩვენებელი 0.3 პ.პ.-ით ნაკლები, 5.5% იყო, ხოლო მაისში, სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 6.0% შეადგინა. გასულ თვეს რუსეთში ინფლაციის ნიშნული 0.5 პ.პ. -ით მეტი, 6.5% დაფიქსირდა. ამ ფონზე, ზედიზედ სამი მონეტარული კომიტეტის სხდომაა რუსეთის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთს 0.5 – 0.5 პ.პ.-ით ამკაცრებს (მიმდინარე წლის 11 ივნისს 5.0%-დან 5.5%-მდე გაზარდა, რაც წინა სხდომაზე 4.5%-დან 5.0%-მდე გაიზარდა). წლის დასაწყისში კი, ცენტრალური ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ზრდისგან თავს იკავებდა, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდებოდა ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბოლო სხდომებზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის ტემპს და გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს ეყრდნობა. თავად ბანკის მოლოდინია, რომ მომდევნო წლის შუა პერიოდიდან სამომხმარებლო ფასების დონე 4.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

ამდენად, გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ყველა ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლის ბოლოს არსებული ნიშნულები. თუმცა, მაისის თვესთან შედარებით გამონაკლისი აზერბაიჯანია, სადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ივნისში 0.2%-ით შემცირებულია. სხვა დანარჩენ ქვეყნებში კი, ივნისში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა პერიოდში. მათ შორის, ყველაზე მეტი ზრდა საქართველოშია, სადაც ინფლაცია 2.2 პ.პ. -ით უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო მაისის თვეში. სამომხმარებლო ფასების ზრდის მაღალი ტემპის საპასუხოდ რეგიონის ცენტრალურმა ბანკებმა პოლიტიკა გაამკაცრეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გამონაკლისი აზერბაიჯანია, რომელიც კვლავ ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. ბოლო სხდომებზე კი ყველაზე მეტით პოლიტიკის განაკვეთი სომხეთის და რუსეთის ცენტრალურმა ბანკებმა გაზარდეს. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 – 0.5 პ.პ. -ებით გამკაცრდა. ამავე პერიოდში, მანამდე გამკაცრებული პოლიტიკის განაკვეთი თურქეთსა და საქართველოში უცვლელი დარჩა.