მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (მაისი)

60c7cf7fa58d1
ეგნატე შამუგია
16.06.21 09:45
1234
საქართველოში გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდამ 7.7% შეადგინა, რაც აპრილსა და მარტში 7.2%-7.2% იყო. ეს მაჩვენებელი თებერვალში 3.6%-ს შეადგენდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას არ მოიცავდა, რადგან საქსტატის განმარტებით ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ, ფაქტობრივად, გადახდილს იყენებენ. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. მაისის მდგომარეობით ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 16.6% შეადგინა, რაც აპრილში 17.1% იყო. ამდენად, განსხვავებით საქართველოსი, გასულ თვეს მეზობელ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ცვლილების ტემპი შემცირებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი 18 მარტიდან გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ატარებს. კერძოდ, ამ პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 17% -დან 19.0%-მდე გაიზარდა, რასაც, ოთხი თვის თავზე, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მიერ ცენტრალური ბანკის მმართველის ნაჯი აგბალის გადაყენება მოჰყვა. ეს უკანასკნელი კი, ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის მხარდამჭერმა შაჰაპ კავჩიოღლუმ შეცვალა, თუმცა კავჩიოღლუს ხელმძღვანელობით გამართულ ბოლო ორ სხდომაზე პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 19.0%-ზე შენარჩუნდა.
 
თუკი თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო გადააყენეს. ორი კვირის წინ გამართულ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ფასების დონის ზრდის მაღალი ტემპის გამო, ოპოზიცია გადადგომისკენ მოუწოდებდა. საპარლამენტო მოსმენაზე კი სებ-ის პრეზიდენტმა მაღალი ინფლაცია ეგზოგენური ფაქტორებით ახსნა. სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მაღალი ტემპის გამო მიმდინარე წლის მარტიდან საქართველოს ცენტრალურმა ბანკმაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. ჯერ კიდევ, 17 მარტს გამართულ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 8.0% -დან 8.5%-მდე ზრდა გადაწყდა, როცა სები აღნიშნავდა, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთებოდა. ამ ფონზე კი, მომდევნო, 28 აპრილს პოლიტიკის განაკვეთი კიდევ 1.0 პ.პ.-ით, 9.5%-მდე გაიზარდა, რასაც „შეცვლილი გარემოებით“ ხსნიდა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის მორიგი სხდომა 23 ივნისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ნიშნულზე რეფინანსირების განაკვეთი 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მიუხედავად გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის მაღალი ტემპისა, შედარებით განსხვავებული სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებში. რეგიონიდან ინფლაციის შედარებით დაბალი ნიშნულით აზერბაიჯანი გამოირჩევა, სადაც მაისში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა 4.9% იყო, რაც აპრილის მაჩვენებელს 0.6 პ.პ.-ით აღემატება. გასულ წელს კი საშუალო წლიური ინფლაცია 2.9%-ს აღწევდა, რაც რეგიონის ქვეყნებიდან ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ფასების ზრდის უფრო მაღალი ტემპის მიუხედავად აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ტოვებს. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მენეჯერთა საბჭომ 30 აპრილს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელი, 6.25%-ზე დატოვა. ამგვარი გადაწყვეტილება კი ინფლაციის ფაქტორების რისკების არაარსებითი ცვლილებით ახსნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის არსებული ნიშნული კი გასული წლის 18 დეკემბრიდან მოქმედებს, როცა პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პ.პ. -ით შემსუბუქდა. ამდენად, ინფლაციის გაზრდილი ტემპის მიუხედავად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი შემსუბუქებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.

საქათველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა 4 მაისს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთის 5.5%-დან 6.0%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ წინა, 2 თებერვალს გამართულ სხდომაზეც მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა. კერძოდ, განაკვეთი 5.25%-დან 5.5%-მდე გაიზარდა. ამდენად, სომხეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ მესამე სხდომაა მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს. ჯამში, სამი სხდომის პირობებში რეფინანსირების განაკვეთი 1.75 პ.პ.-ით გამკაცრდა. მაისში კი სამომხმარებლო ფასების დონის ზრდა უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა პერიოდში. გასულ თვეს სომხეთის წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც 2020 წლის ნოემბრიდან იზრდებოდა და აპრილში 6.2%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის მანძილზე სომხეთში სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების ნიშნული სამეზობლოში ყველაზე დაბალი იყო. წლის დასაწყისში ფასების დონე იკლებდა, რაც მეორე ნახევარში შეიცვალა. 2020 წელს სომხეთში საშუალო წლიური ინფლაცია 1.2%-ს შეადგენდა.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

რაც შეეხება რუსეთს, აქ, მაისში წლიური ინფლაციის ნიშნული გაზრდილია. თუკი აპრილში სამომხმარებლო ფასებს დონის ზრდა 5.5% იყო, ეს მაჩვენებელი მაისში 6.0%-ია. რუსეთში არსებული ინფლაციის დონე 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ ფონზე, რუსეთის ცენტრალური ბანკი ზედიზედ სამი მონეტარული კომიტეტის სხდომაა პოლიტიკის განაკვეთს ამკაცრებს. 11 ივნისს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთის კიდევ 0.5 პ.პ.-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, რუსეთში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.5%-ს შეადგენს. წინა სხდომაზე, 23 აპრილს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 4.5%-დან 5.0%-მდე გაიზარდა, რაც 19 მარტს 4.25%-დან 4.5%-მდე იყო გამკაცრებული. აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვეში გამართულ სხდომაზე პოლიტიკა უცვლელად, 4.25%-ზე დატოვეს, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდებოდა ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბოლო სამ სხდომაზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის ტემპს და გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს ეყრდნობა. თავად ბანკის მოლოდინია, რომ მომდევნო წლის შუა პერიოდიდან სამომხმარებლო ფასების დონე 4.0%-იან ნიშნულს დაუბრუნდება.

ამდენად, გასული წლის ბოლოდან რეგიონის ყველა ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდი ტემპი უფრო მაღალია, მაგრამ მაისში თურქეთსა და სომხეთში ინფლაციის ტემპი შემცირდა. ეს ის ქვეყნებია, სადაც შედარებით ადრე (სომხეთი) და უფრო მასშტაბური (თურქეთი) გამკაცრება დაიწყო. მოგვიანებით მონეტარული პოლიტიკა საქართველოს და რუსეთის ცენტრალურმა ბანკებმაც გაამკაცრეს, მაგრამ, ჯერჯერობით, ინფლაციის ტრენდი მზარდია. მაისში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, ვიდრე - აპრილში. გასულ თვეს ინფლაციის დონე აზერბაიჯანშიც გაზრდილია, მაგრამ ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებს.