მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (მარტი)

607b3307a3acf
ეგნატე შამუგია
18.04.21 23:00
963
საქართველოში გასულ თვეს წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა, რაც თებერვალში 3.6% იყო. თუმცა  აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ მოიცავდა მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას, რადგან საქსტატის განმარტებით ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ ფაქტობრივად გადახდილს იყენებენ. საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი თურქეთის შემდეგ რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე მაღალია. თავად თურქეთში კი ინფლაცია ბოლო რამდენიმე წლის მძიმე პრობლემაა. მარტის მდგომარეობით ამ უკანასკნელში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 16.2% შეადგინა, რაც თებერვალში 15.6% იყო. გასულ წელს თურქეთში საშუალო წლიური ინფლაცია 12.3% იყო, ხოლო ამავე პერიოდში საქართველოში ეს მაჩვენებელი 5.2%-ს აღწევდა, მაგრამ წლის ბოლოსკენ შემცირდა. შემცირება კი ზემოთ ნახსენებ სუბსიდირების გამო მეთოდოლოგიურ ნიუანსებს უკავშირდებოდა. ამ პერიოდში ეროვნული ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა და მხოლოდ მარტის შუა რიცხვებში რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პ.პ. -ით, 8.5%-მდე გაზარდა, რომლის მიზეზად სებ-ი ინფლაციურ მოლოდინებს ასახელებს, მაგრამ აქვე დასძენს, რომ წლის განმავლობაში პოლიტიკის დამატებით გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. თავის მხრივ, მაღალ ინფლაციას ორ ფაქტორს უკავშირებს - „საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენციას“ და „პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები ზრდას“.
 
საქართველოს მსგავსად მონეტარული პოლიტიკა თურქეთშიც გამკაცრდა, მაგრამ იქ გაცილებით მკვეთრად. ჯერ კიდევ 18 მარტს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 17.0%-დან 19.0%-მდე გაზრდა, რაც ცენტრალური ბანკის მმართველისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რადგან მეორე დღეს, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობიდან, ოთხი თვის თავზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ნაჯი აგბალი გადააყენა. უკვე ყოფილმა მმართველმა კი ოთხთვიანი ხელმძღვანელობის პირობებში პოლიტიკის განაკვეთი ჯამში 875 საბაზისო პუნქტით გაიზარდა. თურქეთის ცენტრალური ბანკის მმართველად კი ექსპანსიური პოლიტიკის მხარდამჭერი შაჰაპ კავჩიოღლუ დაინიშნა, რომელის ხელმძღვანელობით 15 აპრილს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაკვეთის უცვლელად დატოვება გადაწყდა. ხოლო პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების მიზეზად ინფლაციური მოლოდინების მაღალი დონის არსებობაა დასახელებული.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

მიუხედავად გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის უფრო მაღალი ტემპისა, შედარებით განსხვავებული სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებში. ინფლაციის დაბალი ნიშნულით კი აზერბაიჯანი გამოირჩევა, სადაც მარტში სამომხმარებლო ფასების დონის წლიური ზრდა 3.9% იყო, რაც თებერვლის მაჩვენებელს 0.2 პ.პ. -ით აღემატება. გასულ წელს კი საშუალო წლიური ინფლაცია 2.9%-ს აღწევდა, რაც რეგიონის ქვეყნებიდან ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ფასების ზრდის უფრო მაღალი ტემპის მიუხედავად, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად ტოვებს. აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის მენეჯერთა საბჭომ 18 მარტს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 6.25%-ზე დატოვა. ამგვარი გადაწყვეტილება კი ინფლაციის ფაქტორების რისკების არაარსებითი ცვლილებით ახსნა. საქართველოს კიდევ ერთი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის ცენტრალური ბანკის საბჭოს ბოლო სხდომა კი 2 თებერვალს გაიმართა, სადაც რეფინანსირების განაკვეთის 5.25%-დან 5.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ პერიოდში, წინა სხდომასთან შედარებით პოლიტიკის განაკვეთი 1.0 პ.პ. -ით უკვე იყო გამკაცრებული. ამდენად, ბოლო პერიოდში სომხეთის ცენტრალური ბანკი შედარებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს. თუმცა გასულ თვეს სომხეთში წლიურმა ინფლაციამ 5.8% შეადგინა, რაც ბოლო წლების ყველაზე მაღალი ნიშნულია. სომხეთის სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპის მკვეთრი ზრდა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო, როცა 2020 წლის ბოლო თვეს ინფლაციის მაჩვენებელმა 3.7%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საშუალო წლიური ინფლაცია სომხეთში 1.2% იყო, ხოლო 2019 წელს კი - 1.5%. ამით კი სომხეთი რეგიონის ქვეყნებიდან გამორჩეული ეკონომიკაა, რომელიც სამომხმარებლო ფასების დონის ნელი ზრდით, რიგ პერიოდებში კლებითაც გამოირჩეოდა, მაგრამ მიმდინარე წელს მდგომარეობა ამ უკანასკნელშიც შეიცვალა.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. მარტში წლიურმა ინფლაციამ 5.9% შეადგინა, რაც 2019 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ ფონზე კი 19 მარტს გამართულ სხდომაზე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, რეფინანსირების განაკვეთი 4.25%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თებერვლის თვეში გამართულ სხდომაზე პოლიტიკა უცვლელად, 4.25%-ზე დატოვეს, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდებოდა ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. თუმცა, ბოლო სხდომაზე გამკაცრების გადაწყვეტილება მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო ფასების საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ზრდის ტემპს და გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს ეყრდნობა.

ამდენად, გასულ თვეს სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ყველა ქვეყანაში გაზრდილია. სამეზობლოდან ყველაზე მაღალი ინფლაციით კვლავ თურქეთი გამოირჩევა, ხოლო ყველაზე დაბალით - აზერბაიჯანი. ამ ფონზე, აზერბაიჯანი გამონაკლისია, სადაც მონეტარული პოლიტიკა კვლავ უცვლელად ნარჩუნდება. სხვა ქვეყნებში კი რეფინანსირების განაკვეთი შედარებით გამკაცრებისკენაა მიმართული.