მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამეზობლო: ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა (თებერვალი)

604a989bb0e5f
ეგნატე შამუგია
12.03.21 11:40
1458
თებერვალში საქართველოს წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა, რაც იანვართან შედარებით გაზრდილია, რადგან წლის პირველ თვეს სამომხმარებლო ფასების ზრდა 2.8% იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს არ მოიცავს მთავრობის მიერ სუბსიდირებული კომუნალური მომსახურების ფასების დონის ცვლილებას, რადგან საქსტატის განმარტებით, ინფლაციის დათვლისას მხოლოდ მოსახლეობის მიერ ფაქტობრივად გადახდილს იყენებენ. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით დაბალია, მაგრამ ინფლაციის კიდევ უფრო დაბალი ნიშნული აზერბაიჯანშია. კერძოდ, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ, იანვრის მსგავსად, 3.3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგიონის ქვეყნებიდან აზერბაიჯანი ბოლო წლის მანძილზე სამომხმარებლო ფასების შედარებით ნელი ზრდის ტემპით გამოირჩევა, ხოლო სომხეთში ფასების დონე კიდევ უფრო დაბალი ტემპით იზრდებოდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ინფლაცია სომხეთში 1.4% იყო, რაც მიმდინარე წელს შედარებით მაღალ ნიშნულებს იკავებს. იანვარში ფასების დონის ზრდამ 4.5% შეადგინა, რაც თებერვალში 5.3%-ია. სწორედ, წლის დასაწყისიდან სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის და ინფლაციური მოლოდინებიდან გამომდინარე სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა თებერვლის დასაწყისში რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პ.პ. -ით, 5.5%-მდე გაზარდა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ცენტრალური ბანკის მმართველთა საბჭომ ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა. ამ დროისთვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.25%-ია, რაც დეკემბერში 0.25 პ.პ. -ით იყო შემცირებული.
 
მიუხედავად იმისა, რომ მეთოდოლოგიური ცვლილებიდან გამომდინარე იანვარში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერთან შედარებით 0.4 პ.პ. -ით მეტი იყო, რაც თებერვალში 1.2 პ.პ -ით მეტია. ამ ფონზე, საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაცია 4.0%-ითაა მოსალოდნელი. ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებლიდან გამომდინარე, თებერვლის დასაწყისში სებ-მა პოლიტიკის განაკვეთი ზედიზედ მეოთხედ უცვლელი, 8.0%-ზე დატოვა. განსხვავებით სებ-ისგან, თურქეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ბოლო ორი გადაწყვეტილება ამ უკანასკნელის გამკაცრებისკენ იყო მიმართული. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიზეზი კი ინფლაციის განსაკუთრებით მაღალი ნიშნულია და საშუალოვადიან პერიოდში სამომხმარებლო ფასების მიზნობრივზე უფრო სწრაფი ტემპით ზრდის მოლოდინია.

გრაფიკი 1: სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილება, წლიური (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურები

თურქეთის ეკონომიკისთვის მაღალი ინფლაცია არამხოლოდ ბოლო პერიოდის, არამედ გასული რამდენიმე წლის ტენდენციაა. 2019 წელს წლიური ინფლაცია საშუალოდ 15.5% იყო, რაც გასულ წელს 12.3%-ს აღწევდა. წლის ბოლო ორი თვე კი - 14.0%-იან ნიშნულს აჭარბებდა. იანვარში ინფლაციის მაჩვენებელი 15.0%-მდე გაიზარდა, რაც თებერვალში უკვე 15.6%-იანი ნიშნულზეა. სწორედ, ფასების დონის სწრაფი ზრდის ტემპი გახდა ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ცენტრალური ბანკის მმართველის შეცვლის. ახალი ხელმძღვანელის პირობებში კი ცენტრალური ბანკის რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკას ატარებს. პოლიტიკა როგორც რეფინანსირების კუთხით, ასევე, სავალუტო ბაზარზეც შეიცვალა და რეზერვების ზრდისკენაა ორიენტირებული. ამ ფონზე, გასული წლის ნოემბრიდან თურქული ლირა სტაბილურად მყარდებოდა, მაგრამ თებერვლის ბოლო სავაჭრო კვირიდან გაცვლითი კურსის მკვეთრი გაუფასურება დაიწყო. თურქეთის ეკონომიკაში ინფლაციის მაღალი დონე საქართველოსთვის იმპორტის გაძვირებაზე აისახება. გასულ წელს თურქეთიდან იმპორტირებული საქონელი და მომსახურების წილი მთლიან იმპორტის 17.6%-ს შეადგენდა, რითაც ეს უკანასკნელი ნომერ პირველი საიმპორტო ქვეყნის პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება რუსეთს, ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება. თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, რაც 2019 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. ამ ფონზე კი თებერვლის მეორე კვირას რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭომ პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 4.25%-ზე დატოვა, რადგან ბანკის განმარტებით ერთობლივი მოთხოვნა უფრო სწრაფი ტემპით უბრუნდება ძველ ნიშნულებს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები კი ერთობლივ მოთხოვნაზეა მიმართული. კერძოდ, პოლიტიკის განაკვეთის შემცირება აისახება საპროცენტო განაკვეთებზე, რაც ზრდი კუთხით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და პირიქით. თუკი მონეტარული პოლიტიკა მკაცრდება, საპროცენტო განაკვეთები იზრდება და ერთობლივ მოთხოვნა მცირდება.

გრაფიკი 2: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, ბოლო სამი გადაწყვეტილება (%)
წყარო: ცენტრალური ბანკები

ამდენად, სამეზობლოდან ბოლო ორი სამი თვის მანძილზე წლიური ინფლაცია მხოლოდ საქართველოში შემცირდა, მაგრამ ეს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთჯერადი ფაქტორით - კომუნალური მომსახურების სუბსიდირებითაა განპირობებული. ამ პერიოდში, სხვა ქვეყნებში კი სამომხმარებლო ფასების დონე უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე წინა პერიოდებში. მონეტარული პოლიტიკის მხრივ, გასული წლიდან რუსეთი და აზერბაიჯანის შემთხვევაში შერბილების მიმართულება გააჩნია, ხოლო საქართველომ აპრილ-აგვისტოში, 1.0 პ.პ. -ით შეარბილა და მას შემდეგ უცვლელად ტოვებს. მიმდინარე წელს 0.25 პ.პ -ით სომხეთმა გაამკაცრა, მაგრამ პოლიტიკის განაკვეთი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. ამდენად, გარდა თურქეთისა, ბოლო პერიოდში საქართველოს და დანარჩენი მეზობელი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის ატარებენ.