მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი მთავარი კითხვა-პასუხი “ბუსტერ” დოზების შესახებ

6142f17c8d2b1
თათია კაკიაშვილი
16.09.21 23:17
973
კარგა ხანია, ვაქცინის გამაძლიერებელ “ბუსტერ” დოზებზე მსოფლიოში საუბარი მიდის, თუმცა კითხვაზე - ყველას სჭირდება თუ არა ის, ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ არსებობს. ამერიკის სურსათის და წამლის ადმინისტრაციის ვაქცინის საკონსულტაციო კომიტეტი ცდილობს, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. 

"სიენბისის" ცნობით, სურსათის და წამლის ადმინისტაციის მომდევნო შეხვედრისთვის არსებობს მოლოდინი, რომ კომიტეტის წევრები, სავარაუდოდ, განიხილავენ Pfizer-ის მონაცემებს მესამე დოზის თაობაზე და საბოლოო გადაწყვეტილებაც გასაჯაროვდება - ვის რა დოზით და როდის დასჭირდება "ბუსტერი". ამ გადაწყვეტილებას ელის აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, რომელმაც გასულ კვირას განაცხადა, რომ COVID-საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების მიღება-არ მიღების საკითხი ახლა სწორედ ვაქცინის ექსპერტებსა და დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, როგორც კი "ბუსტერები" ავტორიზაციას მოიპოვებს, მოქალაქეებს შეეძლებათ, მესამე დოზის გასაკეთებლად ვაქცინაციის კაბინეტებს მიმართონ.

თავდაპირველად არსებული ინფორმაციით, აშშ-ის ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ 20 სექტემბრიდან გამაძლიერებელი დოზების გაკეთება ამერიკის ყველა მოქალაქეს შეეძლება, Pfizer-ის ან Moderna-ს ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან რვა თვის შემდეგ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, "ბუსტერების" გამოყენება სრულ მოსახლეობაში საჭირო აღარ არის, რადგან ვაქცინები კვლავ მაღალეფექტიანია კორონავირუსის მძიმე გართულებების და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად, ასევე დელტა შტამის წინააღმდეგ. თუმცა, მოსახლეობაში მაინც რჩება რიგი კითხვები.

კითხვა: ზოგადად, დაგვჭირდება თუ არა “ბუსტერ” დოზები?

პასუხი: ეს დამოკიდებულია თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე და იმაზე, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი. მაგალითად, "ჯონსონ ენდ ჯონსონით" აცრილებს უფრო მეტად დასჭირდებათ ბუსტერები, ვიდრე მათ, ვინც Pfizer-ით ან Moderna-თი აიცრა. ასევე, mRNA ვაქცინების მესამე დოზა სუსტი იმუნური სისტემის მქონე მოქალაქეებისთვის იქნება საჭირო, რადგან მათი იმუნიტეტისთვის ვაქცინის ორი დოზა საკმარისი შესაძლოა, არ იყოს. სრულად აცრილ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ნაკლებად აწუხებთ, COVID-ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები, დიდი ალბათობით, არ დასჭირდებათ.

კითხვა: როგორ განაწილდება “ბუსტერ” დოზები ქვეყნებში?

პასუხი: მსოფლიოში გამაძლიერებელი დოზების განაწილების ვადების განსაზღვრა, ამ ეტაპზე, რთულია. ჯერჯერობით თეთრი სახლის მრჩეველი, ენტონი ფაუჩი მხოლოდ იმას ვარაუდობს, რომ ამერიკაში Pfizer-ის ბუსტერ დოზები თვის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი, მსოფლიოს დანარჩენი ნაწილისთვის კი - მოგვიანებით. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასეთი დოზები ხელმისაწვდომი ოქტომბერში გახდება, ჯერ ისევ უცნობია მათი მიღების ოპტიმალური ვადა, ეს ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების ვადაზეა დამოკიდებული. ამჟამად, "ბუსტერები" შესაბამის პირებში, სავარაუდოდ, ორგანიზმში არსებული ანტისხეულების დონის მიხედვით გაკეთდება. ოპტიმალური დროის დიაპაზონის გამოსათვლელად კი მეტი კვლევაა საჭირო.

კითხვა: დაასრულებს თუ არა “ბუსტერ” დოზების მიღება პანდემიას?

პასუხი: კონკრეტულ ქვეყანაში ბუსტერ დოზებზე ხელმისაწვდომობა ჯერჯერობით არაფერია იმ ფონზე, როცა მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ ვაქცინის პირველი დოზაც არ აქვს გაკეთებული. სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია "ბუსტერებზე" მორატორიუმს აცხადებს, სანამ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები არ გაუმჯობესდება. იქ, სადაც ჯერჯერობით ეს მაჩვენებლები დაბალია, ვირუსის ახალი მუტაციების გამოვლენის შანსი ყოველდღიურად მატულობს, ეს კი მოგვიანებით მთელ მსოფლიოს უქმნის პრობლემას. ასე რომ, რეალურად, პანდემიას დაასრულებს მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობის აცრა და, ალბათ, მოგვიანებით - ადამიანების იმუნური სისტემის გაძლიერებაც - "ბუსტერ" დოზების სახით.