მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი საინვესტიციო რჩევა უორენ ბაფეტისგან

6332bcb86919b
გიორგი ბერუაშვილი
28.09.22 00:40
981
ომაჰელ ორაკულად წოდებული უორენ ბაფეტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და წარმატებული ინვესტორია. დღესდღეობით, როდესაც საფონდო ბირჟა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ბაფეტის ქონება 93 მილიარდს აღემატება. უნდა აღვნიშნოთ, რომ ლეგენდარული ინვესტორი 92 წლის არის, და ქონების 99%-ზე მეტის გამომუშავება მან მხოლოდ 50 წლის შემდეგ მოახერხა.

საბედნიეროდ, უორენ ბაფეტი არ ერიდება საზოგადოებისთვის იმ მეთოდებისა და სტრატეგიების გამხელას, რომელიც მას დიდი სიმდიდრის დაგროვებაში დაეხმარა. დღეის მონაცემებით კი მის პორტფელში რამდენიმე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები შედის, როგორიცაა: Visa და MasterCard (ფინანსური ტრანზაქციების კომპანიები), Apple (ტექნოლოგიური გიგანტი), Coca-Cola ( არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია), Bank of America (ბანკი) და სხვა.

დღეს მოკლედ მიმოვიხილავთ იმ ძირითად სამ პრინციპსა და მეთოდს, რომლის წყალობითაც უორენ ბაფეტმა ინვესტირებით არნახულ სიმდიდრეს და ფინანსურ თავისუფლებას მიაღწია.

ომაჰელი ორაკულის საუკეთესო მეგობარი ინვესტირების პროცესში არის დრო. სწორედ ამიტომ ორიენტირდება უორენ ბაფეტი გრძელვადიან ინვესტიციებზე. მან იცის, რომ თუ იგი ფინანსურად ძლიერ კომპანიას შეარჩევს, გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გაიზრდება აქციის ღირებულება. „როდესაც აქციას ყიდულობთ, დარწმუნებული უნდა იყოთ რომ შეძლებთ ამ აქციის მინიმუმ 5 წლით შენარჩუნებას“ - ეს სწორედ უორენ ბაფეტის სიტყვებია.

მეორე და უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რომ ინვესტირება განხორციელდეს მხოლოდ იმ სექტორში, რომელიც გვესმის და მეტ-ნაკლებად ვიცნობთ. მაგალითად უორენ ბაფეტი, როგორც საკმაოდ ასაკოვანი ინვესტორი, ტექნოლოგიურ ინდუსტრიას ერიდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მის პორტფელში ნამდვილად დიდი წილი უკავია კომპანია Apple-ს, რომლის ბიზნეს საქმიანობაც შედარებით მარტივი გასაგებია.

„იყავი მშიშარა, როდესაც სხვები არიან ხარბები და იყავი ხარბი, როდესაც სხვები არიან მშიშარები“ - ეს მიდგომა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2022 წელს, როდესაც უორენ ბაფეტმა „დათვის ბაზრის“ დროს (პერიოდი, როდესაც აქციების ღირებულება 20%-ზე მეტად არის შემცირებული) მილიონობით აქცია დაამატა თავის პორტფოლიოს. მაშინ როდესაც ინვესტორების უმრავლესობა პანიკაშია და აქციებს ყიდის, საზრიანი ინვესტორები ამით სარგებლობენ და სასურველ აქციებს „ფასდაკლებით“ ყიდულობენ.

იმის განსასაზღვრად თუ როგორი მდგომარეობაა ბაზარზე და რას ფიქრობენ ინვესტორები გამოიყენება ე.წ. Fear and Greed Index (შიშისა და სიხარბის ინდექსი). ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება და სხვა ბევრი ფაქტორიც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ასე და ამგვარად, უორენ ბაფეტის ინვესტირების სტრატეგია ცხოვრების ყველა ეტაპზე იცვლებოდა და ეს ბუნებრივიც არის. წარმოუდგენელია 100 მილიარდის ისე დაბანდება, როგორც 10,000$ დააბანდა თავის დროზე ბაფეტმა თინეიჯერობის ასაკში. ასე რომ, იმ აქციების ყიდვის ნაცვლად, რომელსაც უორენ ბაფეტი ყიდულობს, აჯობებს რომ კვლევები თავად ჩაატაროთ და მისდიოთ იმ პრინციპებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ინვესტორმა გაგვიზიარა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.