მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამი თვის მანძილზე პირველად FAO-ს ფასების ინდექსი გაიზარდა

5eff29bed3a54
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 16:50
985
FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, ივნისში, ბოლო სამი თვის მანძილზე პირველად, 2.4%-ით გაიზარდა და 93.3 ქულა შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც FAO-ში განმარტავენ, აღნიშნულის მიუხედავად, COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო კალათის ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის მარცვლეულსა და ხორცზე, ფასები შემცირდა.

„ოთხთვიანი უწყვეტი კლების შემდგომ, ივნისში, მცენარეულის ზეთზე ფასები 11.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდის მიზეზად პალმის ზეთზე გაზრდილი მოთხოვნა სახელდება, რომელსაც საფუძვლად უდევს - მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების მოხსნა ან შემსუბუქება. ამავდროულად, ფასების ზრდას ხელი შეუწყო პროდუქტის საწარმოო პროცესის შეფერხებამ, რაც მუშა ხელის ნაკლებობას უკავშირდება. მცენარეულ ზეთთან ერთად მომატებულია სიოს, მზესუმზირისა და რაფსის ზეთის ფასებიც.

FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი მაისის თვესთან შედარებით 10.6%-ითაა მომატებული. ნედლი ნავთობის ფასების მატებამ, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი შაქრის ფასების ზრდას. ეთანოლი, რომელიც ნედლი ნავთობის წარმოებაში გამოიყენება შაქრის ლერწმისაგან მიიღება, შესაბამისად, ეთანოლზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, შაქრის ექსპორტიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ბრაზილიამ, უფრო მეტი ეთანოლი აწარმოა ვიდრე შაქარი, რამაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტი შექმნა.

4.0%-ითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ფასების ზრდა გამოიწვია რძისა და რძის პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, რასაც თან დაერთო პროდუქტის შემცირებული მარაგები ევროპაში და ოკეანეაში.

წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 0.6%-ითაა შემცირებული ხორცის ფასების ინდექსი. საქონლისა და ფრინველის ხორცზე ფასის ვარდნის მთავარი მიზეზად პროდუქტის უხვი მარაგები სახელდება. ამის საპირისპიროდ, მცირედით გაზრდილია ღორის ხორცის ფასი, ძირითადად ევროპაში, რაც ასევე საგანგებო მდგომარეობის მოხსნას უკავშირდება.

FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსი ივნისში 0.6%-ით შემცირდა. ფასების ვარდნის მიზეზი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ხორბლის მოსავლის ახალი მარაგები და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, ხორბლის მოსალოდნელი უხვი მოსავალია”, - ნათქვამია FAO-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.