მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამი უწყებიდან საშვი ვერავინ გასცა, რომ რაიონში წავსულიყავი" - ფერმერის გამოწვევები

5ea6caa086698
ვიქტორია მღებრიშვილი
27.04.20 19:50
2360
ინდმეწარმე რამაზ რამაზაშვილი, რომელსაც თეთრიწყაროს რაიონში გოჭების ფერმა და სასათბურე მეურნეობა აქვს, გადაადგილების შეზღუდვის გამო, ფერმაში ჩასვლას ვერ ახერხებს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას ფერმერი განმარტავს, მას ეს შეზღუდვები სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ამ ეტაპისთვის სამეურნეო საქმიანობა სრულად გაჩერებული აქვს.

"მე თბილისში ვცხოვრობ და შეზღუდვების გამო ვეღარ შევძელი წასვლა რაიონში, რომ ელემენტარული, გოჭების ვაქცინაცია მომეხდინა, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არსებულმა ვითარებამ ჩემი საქმიანობა მნიშვნელოვნად შეაფერხა, ფერმის გაფართოებისთვის ჩატანილი მქონდა საშენი მასალები, მაგრამ ეს პროცესიც შეჩერებული მაქვს.

რამდენიმე დღის წინ აუცილებლად უნდა ჩავსულიყავი ფერმაში, რათა ჩამეტანა წამალი და ვაქცინაცია ჩამეტარებინა, თუმცა სერიოზულ გამოწვევებს წავაწყდი საშვის მიღების თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - ეკონომიკის სამინისტროში, იქიდან - 144-ზე, ამ უკანასკნელიდან კი თბილისის მერიაში მამისამართებდნენ. სამი უწყებიდან ვერავინ გასცა ჩემზე საშვი, რომ წავსულიყავი რაიონში და მიმეხედა ჩემი საქმისთვის. ამდენი გადამისამართების შემდეგ მივიღე პასუხი, რომ ნებართვას ვერ გასცემდნენ, თუ არ მყავდა M2 ტიპის ტრანსპორტი, რომლის ყოლის საჭიროება მე არ მაქვს.

შემდეგი მოთხოვნა იყო, რომ დამექირავებინა და ისე ჩავსულიყავი ადგილზე, რაც ჩემთვის როგორც მიკრომეწარმისთვის დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, მაშინ როდესაც შემეძლო 30 ლარად წამეღო წამალი. საბოლოო ჯამში, ვაქცინაციის ჩატარება თეთრიწყაროს მერის გიორგი ქორიძის დახმარებით მოვახერხე, რომელიც ჩამოვიდა და თავად წამიყვანა რაიონში. ამისთვის მადლობას ვუხდი მას", - ამბობს რამაზ რამაზაშვილი.

ფერმერის თქმით, რაიონში მის მეურნეობას მშობლები უვლიან, თუმცა რესურსებსა და ძირითად საქმეებს თავად აწარმოებს. მიუხედავად იმისა, რომ გოჭების ვაქცინაცია შეძლო, პრობლემები ამით არ სრულდება და ქალაქებს შორის მიმოსვლის 2 დღით გახსნის მიუხედავად, მიკრომეწარმე კვლავ ვერ ახერხებს წასვალს მეურნეობაში.

"ახლა, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა დიდ ქალაქებს შორის რამდენიმე დღით აღდგა, ქალაქიდან გასვლა მაინც არ შემიძლია, რადგან თბილისში ვარ ჩაწერილი და თუ გავალ, M2 ტიპის დაქირავებული მანქანით უნდა გავიდე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ვერავინ მცემს პასუხს, რატომ მაინცდამაინც მიკროავტობუსი, როდესაც საკუთარი მანქანა მაქვს. თეთრიწყაროში ჩემი მშობლები მუშაობენ, თუმცა მე თუ არ ჩავედი და არ დავეხმარე, ვერ გასწვდებიან თვითონ. ამიტომ ფაქტობრივად საქმიანობა შეჩერებული გვაქვს, რეალიზაციაც და საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაობიც. ძალიან შევფერხდით... და ასეთ ვითარებაში ძალიან ბევრი ფერმერია.

განაცხადი მაქვს შეტანილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომ მომცენ ნებრათვა, ჩემი ავტომობილით გადავაადგილდე თბილისიდან რაიონში. მესმის ის მიზეზები, რის გამოც ხდება შეზღუდვების დაწესება, თუმცა თუ მალე არ გამოასწორებენ ამ ლოგიკასმოკლებულ შეცდომებს, მიკრომეწარმეებს ძალიან გაგვიჭირდება. მე პირადად, ვერავინ დამიბრუნებს იმ დროს, რასაც ახლა ვკარგავ, ამიტომ ვერ შევძლებ მეურნეობის განვითარებას", - ამბობს რამაზ რამაზაშვილი.