21.მაისი .2020 15:48

სამინისტრო არ გრძნობს პასუხისმგებლობას, როგორი იქნება კონტროლი COVID-19-ის კლინიკებს მიღმა - ჭიაბერაშვილი

views 455
უკან

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის მაგალითზე წერს, რომ სადაზღვევო კომპანია სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმის ეკიპირების გათვალისიწნებით  მომსახურების გაზრდილ ხარჯს არ ფარავს. 

"დღეს დილით მოქალაქემ დარეკა მისი სადზღვევო კომპანიის პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში. მიღებაზე ჩაწერისას იგი გააფრთხილეს, რომ მომსახურების ფასის გარდა დამატებით უნდა გადაიხადოს 20 ლარი - ექიმის ეკიპირების თანხა. დარეკა მეორე კლინიკაში - იგივე. სადაზღვევო კომპანია არ ანაზღაურებს ამ 20 ლარს.

ამ კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარეობს რამდენიმე პრინციპული კითხვა:

1. მედპერსონალის ეკიპირება სახელმწიფოს საზრუნავია მხოლოდ COVID-19-ის კლინიკებში, ხოლო ყველა დანარჩენ ასეულობით სამედიცინო დაწესებულებაში ეს თავად ამ დაწესებულების საზრუნავია?

2. თუ პირველ კითხვაზე პასუხი დადებითია, ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერმა ამბულატორიამ თუ საავადმყოფომ უნდა გააძვიროს მომსახურება და გაძვირებული თანხა პაციენტმა უნდა დაფაროს?

3. თუ მეორე კითხვაზეც პასუხი დადებითია, მაშინ ასეთი კითხვა ჩნდება: თუ ჯანდაცვის სამინისტროს 350 მლნ ლარი ემატება, ნუთუ იგი არ უნდა აფინანსებდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა სამედიცინო დაწესებულებაში მედპერსონალის ეკიპირებისა და დაცვის ღონისძიებებს?

ამ მდგომარეობიდან, გარდა ფინანსური შედეგებისა, კიდევ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ჯანდაცვის სამინისტრო არც კი გრძნობს პასუხისმგებლობას იმაზე, როგორი იქნება ინფექციის კონტროლის შიდაჰოსპუტალური მექანიზმები COVID-19-ის კლინიკებს მიღმა"-წერს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, სტომატოლოგიურ კლინიკებში პროცედურების გათვალისწინებით ეკიპირება განსხვავებულია. როგორც კლინიკების წარმომადგენლებმა bm.ge-ს განუცხადეს, ამის გათვალისწინებით სტომატოლოგიური მომსახურება საშუალოდ 20-30 ლარით არის გაძვირებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა