მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო განმარტავს რატომ იგეგმება ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და მის ადგილზე ახლის აშენება

611418266987e
BM.GE
11.08.21 22:35
1955
მთავრობა სვანეთში მდებარე ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს ჯართში ჩააბარებს. საბაგირო 2010 წელს გაიხსნა და გასული 10 წლის განამვლობაში იყო ექსპლოატაციაში. წელს საბაგირო გზა სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეისწავლა, რომლის დასკვნითაც ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. მეტიც, როგორც ირკვევა, საბაგიროს, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეკონომიკის სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია” მართავდა, საერთოდ არ გააჩნია ტექტნიკური დოკუმენტაცია, ხოლო მისი ბოძების ფუნდამენტი “არასწორად იყო ჩასხმული”. დასკვნის მიხედვით, მთელი ამ წლების განმავლობაში საბაგირო გზას არცერთხელ არ ჩატარებია ტექნიკური დიაგნოსტიკა. დასკვნაში ხაზგასმულია პრობლემები სავარძლების მომჭერებთან დაკავშირებითაც.

ამ დასკვნის გათვალისწინებით, “მთის კურორტების მართვის კომპანიამ”, რომელსაც ახლა “ემ თი ეი” ჰქვია გადაწყვიტა არსებული საბაგირო ჯართში ჩააბაროს და ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის ავსტრიულ კომპანია “დოპელმაიერთან” გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტი გააფორმოს. შესყიდვის მთლიანი მოცულობა 35 მილიონ ლარამდეა.

საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, მისი თქმით, სვანეთში ზამთრის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია, რის გამოც არსებული საბაგაროს განახლება გადაწყდა. 

ინსპექტირების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჰაწვალი - ზურულდის საბაგირო განახლდეს და მომდევნო ზამთრის სეზონზე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს, ისევე როგორც ქართველ დამსვენებლებს დავხვდეთ ახალი ულტრათანამედროვე საბაგიროთი, რომელიც იქნება უსაფრთხოების ყველა სტანდარტით დაცული,“ -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ახალი საბაგირო ხელს შეუწყობს მესტიაში მეტი ვიზიტორის მოზიდვას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივად ტურიზმში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „ემთიეის“ (ყოფილი „მთის კურორტების განვითარების კომპანია“) დაევალა ჰაწვალი - ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი გამშვები სისტემებითა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობებით აღჭურვა არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა.      

“ჰაწვალი-ზურულდის საბაგიროს დემონტაჟისა და მის მაგივრად ახალი საბაგიროს (საჭირო ინფრასტრუქტურასთან ერთად) მოწყობისათვის აუცილებელი საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვას შპს „ემ თი ეი“ გეგმავს ავსტრიული კომპანია „Doppelmayer”-ისა და შპს „დოპელმაიერ საუს კაუკაზუსისგან“ ერთობლივად. ამ მიმწოდებლებისაგან მოწოდებული ფასის მიხედვით, ჰაწვალი-ზურულდის არსებული დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟისა და მის ადგილას ახალი საბაგიროსა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და მისი ექსპლუატაციაში გაშვებისთვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების საერთო ღირებულება - დაახლოებით შეადგენს 34 793 887 ლარს (დამატებითი ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც №1362 (06.08.2021) განკარგულების შესაბამისად, 6 850 000 ლარის (მათ შორის დღგ-ს თანხა 1 000 000 ლარი) ნაწილში დაფინანსდება შპს „ემ თი ეისთვის“ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში (27 943 887 ლარი) - „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანხებით,”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე.